ახალი ამბები

“მინდა განმარტოთ, შიმშილობენ თუ არა ბავშვები” – არველაძე მინისტრს

5 თებერვალი, 2020 • 1403
“მინდა განმარტოთ, შიმშილობენ თუ არა ბავშვები” – არველაძე მინისტრს

“ქართული ოცნების” დეპუტატი რევაზ არველაძე, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ, ჯანდაცვის მინსიტრს, ეკატერინე ტიკარაძეს სთხოვს განმარტოს, “შიმშილობენ თუ არა საქართველოში ბავშვები”.

ამ კითხვით დეპუტატმა მინისტრს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა. არველაძის თქმით, მას კარგად ესმის, რომ საქართველოში არის გაჭირვება, თუმცა აღნიშნავს, რომ შიმშილი, მისი აზრით, “სულ სხვა ამბავია”:

“გუშინ გავაკეთე განცხადება, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ. ამას მოჰყვა. საქმე ის არის, რომ მე ძალიან კარგად მესმის, რომ საქართველოში არის გაჭირვებული მდგომარეობა. საქართველოში მთავარი პრობლემა სიღარიბეა და აქედან გამომდინარე, თავისთავად ცხადია, ასეთ გაჭირვებულ ბავშვებს პრობლემები ექმნებათ როგორც განათლების, ასევე, სამედიცინო მომსახურების, სოციალური საკითხებისა და ა.შ.

თუმცა სულ სხვა ამბავი არის, ჩემი აზრით, შიმშილი. ამისთვის, მე შემდეგ განცხადებაც გავაკეთე, რომ ამისათვის გამოყოფილი არის 70 მილიონი ლარი. ყოველთვიურად ეძლევათ ასეთ ბავშვებს კვების ბარათები, ვაუჩერები და ა.შ. არსებობს სხვა პროგრამები, თუმცა შეიძლება, მე მეშლება და მინდა თქვენ გააკეთოთ ეს განმარტება, შიმშილობენ თუ არა საქართველოში ბავშვები?” – ამბობს დეპუტატი.

გუშინ “მთავარმა არხმა” დეპუტატს დაუსვა კითხვა “უნისეფის” 2017 კვლევაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან მოხსნის მიზეზად დასახელდა და “რომლის თანახმადად, ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს”. არველაძის თქმით, 2017 წლის მონაცემები “იწყება 2004-დან”.

“იურისტებს უნდა ჰკითხოთ… ბავშვები არ შიმშილობენ საერთოდ [საქართველოში]. მე ვერ ვიჯერებ მაგ ამბავს. თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი. ოპოზიციამ აშიმშილა ძველიდან მოყოლებული”, – განაცხადა რევაზ არველაძემ.

ბავშვები არ შიმშილობენ… თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი. ოპოზიციამ აშიმშილა ძველიდან მოყოლებული – არველაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი