ახალი ამბები

დეპუტატ რევაზ არველაძის ქონებრივი დეკლარაცია

4 თებერვალი, 2020 • 5160
დეპუტატ რევაზ არველაძის ქონებრივი დეკლარაცია

“ბავშვები არ შიმშილობენ საერთოდ [საქართველოში]. მე ვერ ვიჯერებ მაგ ამბავს”, – ეს დღეს, 4 თებერვალს, “ქართული ოცნების” წევრმა, პარლამენტარმა რევაზ არველაძემ “მთავარი არხის” ჟურნალისტს უთხრა ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის კომენტირებისას. გვიან ღამით საცხოვრებელ სახლში გაჩინელ ხანძარს უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები 4 ბავშვი, მათი დედა და მეზობელი ემსხვერპლნენ.

დეპუტატი, რომელსაც საქართველოში ბავშვების შიმშილობის არ სჯერა, ოჯახთან ერთად მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონებას ფლობს, მათ შორის, ძვირადღირებულ ავტომობილს, საცხოვრებელ სახლებს და ა.შ.

საქართველოს პარლამენტის წევრ რევაზ არველაძეს “ქართული ოცნებიდან” დეპუტატის ხელფასის სახით 2019 წლის განმავლობაში 50 344 ლარი აქვს მიღებული.

დეპუტატი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თბილისში შვილთან ერთად 270 000 აშშ დოლარის ღირებულების სახლს და 5 000 აშშ დოლარის ღირებულების არასაყოფაცხოვრებო ფართს ფლობს, რომელიც 2016 წელს შეიძინეს. არველაძის ცოლის, მარინა ხომერიკის საკუთარებაში კი თბილისში მდებარე ორი ბინაა, საიდანაც ერთის ღირებულება 38 000, მეორესი კი – 11 900 აშშ დოლარია.

ამასთან, დეპუტატის ოჯახი ფლობს მიწის ნაკვეთებს ახმეტასა და გარდაბანში, ასევე, საცხოვრებელ სახლს ახმეტაში, რომელიც დეკლარაციის მიხედვით, არველაძეს მემკვიდრეობითა და მიწების განაწილებით ერგო.

გარდა ამისა, 2015 წელს არველაძემ ავტომობილი შეიძინა. დეკლარაციის მიხედვით, 2014 წლის Toyota Prado-ში დეპუტატმა 54 000 აშშ დოლარი გადაიხადა.

2019 წელს არველაძემ “რიკოს” 127 000 აშშ დოლარის ღირებულების თამასუქი შეიძინა, საიდანაც 2019 წელს 5 920 აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.

დეპუტატს სახელფასო და მიმდინარე ანგარიშებზე “ლიბერთი ბანკში”, 2019 წლის დეკლარაციის მიხედვით, 2 937 ლარი და 6 649 აშშ დოლარი აქვს, მის ცოლს კი ამავე ბანკში 9 815- ლარიანი დეპოზიტი.

დეკლარაციის მიხედვით, არველაძემ 2019 წელს ავტომობილი Mercedes ML320 გაყიდა 2 500 აშშ დოლარად. გარდა ამისა, მან 25 000 აშშ დოლარი აჩუქა შვილს.

ბავშვები არ შიმშილობენ… თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი. ოპოზიციამ აშიმშილა ძველიდან მოყოლებული – არველაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი