ახალი ამბები

გლდანში ახლად დაგებულ 2 გზას აყრიან და ხელახლა დააგებენ

5 თებერვალი, 2020 •
გლდანში ახლად დაგებულ 2 გზას აყრიან და ხელახლა დააგებენ

გლდანში არსებულ 2 გზას, სადაც ასფალტის დაგება ცოტა ხნის წინ დასრულდა, აყრიან და ხელახლა დააგებენ.  თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოებს ისევ შპს „მილენიუმ ბილდერ გრუპი” ჩაატარებს.

საქმე ეხება თეიმურაზ ბოჭორიშვილისა (ხიზაბავრის) და ხარაძის ქუჩებს. უწყების თქმით, ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ შესრულებული სამუშაო ნახევრად აკმაყოფილებს სტანდარტს, შესაბამისად „კომპანია ვალდებულია, საკუთარი ხარჯით განახორციელოს ასფალტის საფარის ზედა ფენის მოხსნა და მისი თავიდან მოწყობა“.

„აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 581 739 ლარია გათვალისწინებული, თუმცა ამ ეტაპზე გადარიცხულია 1 174 364 ლარი.

სრული თანხა გადაირიცხება მას შემდეგ, როდესაც კომპანია დაასრულებს სამუშაოს შესაბამისი ხარისხის გათვალისწინებით და ეს დადასტურდება ლაბორატორიულად”, – ამბობს თბილისის მერია.

მერიისვე განმარტებით, დაგებული გზის აყრაზე და ხელახლა დაგებაზე ბიუჯეტიდან ფული არ დაიხარჯება.

გლდანში არაერთი ცენტრალური და შიდა ქუჩა 2019 წლის მაისიდან არის გადათხრილი. საგზაო სამუშაოების დასრულება არაერთხელ გადაიდო სხვადასხვა მიზეზით.

მთავარ ფოტოზე: გლდანში გადათხრილი ერთ-ერთი ქუჩა. ფოტო გადაღებულია რამდენიმე თვის წინ, 2019 წლის შემოდგომაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი