ახალი ამბები

კახა კალაძის ქონება

5 თებერვალი, 2020 • 4894
კახა კალაძის ქონება

კახა კალაძის 2020 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თბილისის მერმა და მისმა მეუღლემ, ანა არეშიძემ, 2019 წელს 5 ავტომობილი გაყიდეს და ერთი იყიდეს.

გასულ წელს კახა კალაძემ სამი ავტომობილი გაყიდა:

  • FIAT 500 ABARTH [20 000 აშშ დოლარად],
  • TOYOTA LAND CRUISER 200 [58 000 აშშ დოლარად]
  • MINI CLUBMAN JOHN COOPER WORK  [30 ათას აშშ დოლარად].

მერის მეუღლემ – ანა არეშიძემ კი 2 ავტომანქანა გაყიდა:

  • TOYOTA LAND CRUISER 200 [121 445,43 ლარად]
  • RANGE ROVER SPORT SVR [100 000 ევროდ].

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2019 წელს ანა არეშიძემ 351 456,8 ლარად შეიძინა RANGE ROVER SPORT SVR, რომელიც 2018 წელშია გამოშვებული. კახა კალაძეს ახალი ავტომანქანა აღარ უყიდია.

გასულ წელს კახა კალაძემ ერთი ძვირადღირებული ხელშეკრულებაც გააფორმა შპს „კოლხეთის“ 100% წილის გასხვისებაზე. ნასყიდობის ფასი 10 მილიონი აშშ დოლარია, თუმცა თანხა კალაძეს 2019 წელს არ მიუღია. დეკლარაციის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2024 წლის 3 დეკემბრამდეა. ხელშეკრულებით, მყიდველმა, შპს „ქობულეთი რიზორთ დიველოფმენთმა“, კახა კალაძეს 10 მილიონი დოლარი [ექვივალენტი ლარში] 5 წლის განმავლობაში უნდა გადაუხადოს.

„ქობულეთი რიზორთ დიველოფმენთის“ დირექტორი თენგიზ წულაიაა. შპს „კოლხეთის“ საკუთრებაშია 19 767 კვ/მ ტერიტორია ქობულეთის პლაჟთან, აღმაშენებლის ქუჩაზე.

რეესტრის მიხედვით, შეიცვალა შპს „კოლხეთის“ სახელწოდებაც და ის ამჯერად არის შპს „ქობულეთი რიზორთი“. მესაკუთრე შპს „ქობულეთი რიზორთ დიველოფმენთის“ წილებს კი ფლობენ შპს „ქობულეთი კაპიტალი“[85%] და შპს „ეიაიჯი კაპიტალი“ [15%].

2019 წელს კახა კალაძეს გაუყიდია მიწის ნაკვეთი უკრაინაში, რაშიც 500 ათასი დოლარი მიუღია შემოსავლის სახით, ბაკურიანში კი, ორი ნაკვეთი – ასევე ნახევარ მილიონ დოლარად.

2020 წლის ქონებრივ დეკლარაციაში თბილისის მერს, გასული წლისგან განსხვავებით, ცალკე პუნქტად აღარ უწერია, რა თანხა დახარჯა ტანსაცმელში. თუმცა წელს მის დეკლარაციაში მოცემულია „საოჯახო და პირადი ხარჯის“ შესახებ ინფორმაცია – ამ მიზნით კახა კალაძეს 368 027 ლარი, 455 480 ევრო და 36 336 დოლარი აქვს დახარჯული.

გასავალში თბილისის მერს ასევე მითითებული აქვს, რომ 270 000 ლარი დახარჯა ქველმოქმედებაში, 50 ათასი ლარი კი პარტიას შესწირა.

კახა კალაძე პოლიტიკაში მოსვლამდე ფეხბურთელი იყო და ისეთ წარმატებულ და მაღალანაზღაურებად გუნდში თამაშობდა, როგორიც იტალიის მილანია. ბოლო წლებში კალაძე ჯენოაში ასპარეზობდა, სადაც 2011 წელს მისი ანაზღაურება თითქმის 3 მილიონი ევრო იყო. კალაძე ბიზნესსაქმიანობითაც იყო დაკავებული.

____

ამავე თემაზე: კახა კალაძის 2018 წლის დეკლარაცია

კალაძემ და არეშიძემ 2018-ში ტანსაცმელში, ფეხსაცმელებსა და აქსესუარებზე 850 000 ლარი დახარჯეს

მასალების გადაბეჭდვის წესი