ახალი ამბები

კალაძემ და არეშიძემ 2018-ში ტანსაცმელში, ფეხსაცმელებსა და აქსესუარებზე 850 000 ლარი დახარჯეს

5 თებერვალი, 2019 • 14960
კალაძემ და არეშიძემ 2018-ში ტანსაცმელში, ფეხსაცმელებსა და აქსესუარებზე 850 000 ლარი დახარჯეს

თბილისის მერის, კახა კალაძის დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელიც 2018 წლის განმავლობაში მისი ოჯახის ქონებრივ მდგომარეობას ასახავს.

როგორც თბილისის მერის მიერ შევსებულ დეკლარაციაში ვკითხულობთ, კახა კალაძემ და მისმა ცოლმა, დიზაინერმა ანუკი არეშიძემ, 2018 წელს ტანსაცმელში, ფეხსაცმელსა და აქსესუარებში თითქმის 850 000 ლარი დახარჯეს. კალაძესა და არეშიძეს 4 შვილი ჰყავთ.

ტანსაცმელში, ფეხსაცმელსა და აქსესუარებში გადახდილ თანხებს შორის ყველზე მსხვილი – 249 522 ევრო, კახა კალაძეზე მოდის. ეროვნული ბანკის დღევანდელი მონაცემით, ერთი ევრო  3.0365 ლარი ღირს, რაც ნიშნავს, რომ კალაძის მიერ დახარჯული თანხა ეროვნულ ვალუტაში დღეს 757 673. 553 ლარს უდრის.

როგორც ცნობილია, კახა კალაძე პოლიტიკაში მოსვლამდე ფეხბურთელი იყო და ისეთ წარმატებულ და მაღალანაზღაურებად გუნდში თამაშობდა, როგორიც იტალიის მილანია. ბოლო წლებში კალაძე ჯენოაში ასპარეზობდა, სადაც 2011 წელს მისი ანაზღაურება თითქმის 3 მილიონი ევრო იყო. კალაძე ბიზნესსაქმიანობითაც იყო დაკავებული.

ტანსაცმელში, ფეხსაცმელსა და აქსესუარებზე გაწეული ხარჯი კალაძის დეკლარაციაში წელს პირველად მოხვდა.

ქველმოქმედებაში ქალაქის მილიონერმა მერმა 2018 წელს 330 000 ლარი დახარჯა.

2018 წელს კალაძემ 3 ავტოსადგომი და 2 ბინა იყიდა. ამ ქონებისთვის თბილისის მერმა, ჯამში, 1 943 839.4 ლარი გადაიხადა.

გარდა ბინებისა, 2018 წელს კალაძემ 4 მანქანა შეიძინა, მათი საერთო ღირებულება 436 652.42 ლარია.

ერთ-ერთი იმ მანქანებს შორის, რომელიც კალაძემ 2018 წელს იყიდა, Brabus Ultimate 125-ია. ამ მარკის მანქანა ასე გამოიყურება:

ბრაბუსი – ფოტო გუგლიდან.

კალაძემ 2018 წელს რამდენიმე მანქანა გაყიდა. გასხვისებულ მანქანებში შედის ფერარი, ბენტლი და ორი მერსედესი. ჯამში, კალაძემ მანქანების გაყიდვით დაახლოებით 2 261 648 ლარის შემოსავალი მიიღო.

კახა კალაძემ 2018 წელს უკრაინაში რეგისტრირებული 2 კომპანიის მეშვეობით დაახლოებით 2,282,497  ლარის შემოსავალი მიიღო. კიევში ბინების იჯარის მეშვეობით – 566,202 ლარი.

რაც შეეხება მის საბანკო ანგარიშებს. დედაქალაქის მერს ყველაზე მსხვილი საბანკო ანგარიშები უცხოურ ბანკებში აქვს.

2018 წელს ნაღდი ფულის სახით მერი 27000 დოლარს, 15000 ლარს და 25000 ევროს ინახავდა.

სრულად დეკლარაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი