2020 წლის 4 თებერვალს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის კონგრესს – სენატსა და წარმომადგენელთა პალატას „კავშირის მდგომარეობაზე“ (State of the Union), ანუ, ქვეყნის მდგომარეობის შესახებ სიტყვით მიმართა.
თავის გამოსვლაში ტრამპმა სხვადასხვა საკითხის შესახებ ისაუბრა – აბორტზე, ეკონომიკაზე, მაგრამ თავი შეიკავა იმპიჩმენტის ხსენებაზე. იმპიჩმენტის პროცესი აშშ-ში ხუთშაბათს დასრულდება და დიდი ალბათობით სენატი ტრამპს გაამართლებს.
მიმართვის შემდეგ თეთრმა სახლმა ნენსი პელოსი გააკრიტიკა ტრამპის გამოსვლის ტექსტის დახევისთვის, ხოლო თავად პელოსიმ „ტვიტერში“ დაწერა, რომ „დემოკრატები არასდროს შეწყვეტენ მეგობრობის ხელის გაწვდენას ხალხის კეთილდღეობისთვის. ვიმუშავებთ სხვებთან, სადაც კი შეგვიძლია, მაგრამ ბოლომდე ვიდგებით, სადაც არ შეგვეძლება“, – დაწერა პელოსიმ.
Democrats will never stop extending the hand of friendship to get the job done #ForThePeople. We will work to find common ground where we can, but will stand our ground where we cannot. #SOTU pic.twitter.com/ELJqR9q4xD
— Nancy Pelosi (@SpeakerPelosi) February 5, 2020
თუმცა ყველაზე დიდი ყურადღება მიიქცია არა ტრამპის გამოსვლამ, არამედ მის დაწყებამდე და შემდეგ მომხდარმა მოვლენებმა– გამოსვლის დაწყებამდე ტრამპმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ხელი არ ჩამოართვა, ხოლო პელოსიმ გამოსვლის შემდეგ ტრამპის მიმართვის ტექსტი დახია.
დონალდ ტრამპისა და ნენსი პელოსის ურთიერთობები განსაკუთრებული სითბოთი არ გამოირჩევა. პელოსის თქმით, მას და ტრამპს ურთიერთობა ოქტომბრის შემდეგ არ ჰქონიათ – ზუსტად მაშინ წარმომადგენელთა პალატაში (რომლის სპიკერიცაა პელოსი) ტრამპის იმპიჩმენტი დაიწყო, რომელიც, საბოლოო ჯამში, ტრამპის გამტყუნებით და საქმის სენატში გადაგზავნით დასრულდა.
ტრამპისა და პელოსის ურთიერთობა მედიისა და სოცქსელების ყურადღების ცენტრში 2019 წელს „კავშირის მდგომარეობაზე“ მაშინდელი გამოსვლისასაც აღმოჩნდა. მაშინ პელოსის მიერ „უცნაურად“ დაკრულმა ტაშმა მიიქცია ყურადღება.
გარეკანის ფოტო: EPA