ახალი ამბები

სამინისტრო: უცხოეთიდან მობილობის მსურველები ისედაც პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან

4 თებერვალი, 2020 •
სამინისტრო: უცხოეთიდან მობილობის მსურველები ისედაც პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან

უცხოეთიდან საქართველოში მობილობის მსურველ სტუდენტებთან დაკავშირებით, რომლებიც დღეს განათლების სამინისტროსთან ზოგად უნარებში გამოცდის ჩაბარების ვალდებულებას აპროტესტებენ, განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს პირები საქართველოს სხვა მოქალაქეებთან შედარებით ისედაც პრივილეგიებით სარგებლობენ.

სამინისტროში განმარტავენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასაბარებლად 4 გამოცდის ჩაბარება სჭირდებათ. იმ მოქალაქეებს კი, რომლებმაც სწავლა უცხოეთში დაიწყეს და საქართველოში გაგრძელება სურთ, მხოლოდ 1-ის.

სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ ამ სტუდენტებს ერთი წლით ადრე ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზოგად უნარებში გამოცდა უნდა ჩაებარებინათ:

“საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც აპირებდნენ უცხო ქვეყანაში სწავლას, ერთი წლის წინ იცოდნენ, რომ საქართველოში მობილობისთვის მოუწევდათ ერთი გამოცდის ჩაბარება და კომპეტენციის დადასტურება. მათ დააკმაყოფილეს იმ ქვეყნის კანონმდებლობა. ახლა ჯერი დადგა, რომ საქართველოს მოთხოვნები და საქართველოს კანონმდებლობა დაკმაყოფილდეს. პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან, რადგან საქართველოს მოქალაქეებს 4 გამოცდის ჩაბარება უწევთ. ამ ადამიანებს, რომლებიც საქრთველოს მოქალაქეები არიან და უცხოეთში სწავლობდნენ, უწევთ მხოლოდ 1 გამოცდის ჩაბარება”, – ამბობს სტუდენტთა სოციალური ხელშეყობის სამმართველოს უფროსი ეკა რურუა.

იმ სტუდენტების ნაწილმა, რომელიც უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ და საქართველოში სწავლის გაგრძელება სურთ, განათლების სამინისტროსთან აქცია გამართა.

იმისათვის, რომ მათ საქართველოში სწავლა განაგრძონ, გამოცდა ხვალ, 15:00 საათზე უნდა ჩააბარონ ზოგად უნარებში. აქციის მონაწილეების განცხადებით, ეს მიდგომა უსამართლოა, რადგან მისაღებ გამოცდებზე, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში ჩატარდება, სხვა სტუდენტებისთვის უნარები სავალდებულო აღარ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი