კვირიკაშვილის კომენტარს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რა გავლენას იქონიებს საბერძნეთში განვითარებული მოვლენების ფონზე ქვეყნიდან შემცირებული ფულადი გზავნილები საქართველოს ეკონომიკაზე.
„იანვარ-მაისში საქართველოში საბერძნეთიდან შემოსულმა წმინდა ფულადმა გზავნილებმა უკვე დაიკლო დაახლოებით 18 პროცენტით. ხუთი თვის განმავლობაში საბერძნეთიდან დაგვაკლდა დაახლოებით 15-16 მილიონი დოლარი. მაისის პერიოდში დაახლოებით 2, 3 მლნ. დოლარს შეადგენს ის დანაკლისი, რაც წინა წელთან შედარებით გვაქვს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მთლიან ბალანსში ეს დიდი რიცხვი არ არის იმ ზომებიდან გამომდინარე, რასაც ვღებულობთ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის პრივატიზაციის კუთხით“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, საბერძნეთში ხუთი დღით ან ერთი კვირით ბანკების დახურვამ პროცესზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ უნდა იქონიოს, თუ მოვლენები შემდგომში ნორმალურად განვითარდა.
„თავად ფულადი გზავნილების პრაქტიკაც ისეთია, რომ გადმორიცხვა ხდება, როგორც წესი, თვეში ან სამ თვეში ერთხელ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, საშუალოვადიან პერსპექტივაში საბერძნეთში როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა თვითონ სიტუაცია, რაც არის საბერძნეთში, უფრო იმ კუთხით მაღელვებს, რაც სამუშაო ადგილების შემცირებას შეეხება. ყველაზე მეტად სანერვიულო ალბათ ის არის, შეინარჩუნებენ თუ არა სამუშაო ადგილებს ის ადამიანები, რომლებიც იქ მუშაობენ. ფულის გამოგზავნის საშუალების მონახვა გაცილებით ადვილია, ვიდრე სამუშაოს შენარჩუნება ამ სიტუაციაში. ამიტომ ვნახოთ, ივლისის პირველი შეზღუდული კვირის შემდეგ რა იქნება და რეფერენდუმი რა შედეგებს მოიტანს“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.