„შიმშილთან რა შუაშია?“ – ასე პასუხობს ჟურნალისტების კითხვას ბაღდათის ტრაგედიაზე „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე. ბაღდათში გუშინ 4 ბავშვი და ორსული დედა ხანძრის დროს სახლში დაიწვა. ისინი სოციალურად დაუცველები იყვნენ.
მდინარაძეს დღეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რას აკეთებს ხელისუფლება, რომ ქვეყანაში „ბავშვებს აღარ შიოდეთ?“.
„თქვენ თუ პასუხი ამ კითხვაზე უნდა მიაბათ ტრაგედიას, მე ამის ნებას არ გრთავთ ერთი მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ ხანძარი და შიმშილი ერთმანეთთან არაფერ შუაშია.
ცალკე აღებული როდესაც ტრაგედიით მიდის მანიპულირება სოციალურ ქსელებში.. დღეს დილიდან დაიწყო ამ ტრაგედიით მანიპულირება და ამ დროს ჩვენ შეგვიძლია თამამად მივუთითოთ, რომ შესაბაისი სამსახურები ძალიან მალე (თუ უკვე გაკეთებული არ აქვთ), გააკეთებენ განცხადებებს“, – ამბობს მდინარაძე და ამატებს, რომ სახელმწიფო ამ ოჯახს მატერიალურად ეხმარებოდა.
„თუმცა ეს ტრაგედია ამასთან არაფერ შუაში არის,“- დასძენს ის. მისივე თქმით, ამ ტრაგედიით ძირითადად ოპოზიციის წარმომადგენლები მანიპულირებენ. რაც შეეხება ბავშვთა მდგომარეობის გაუმჯობესებას, მდინარაძე ყვება, რომ ხელისუფლებას ბევრი პროგრამა აქვს, მათ შორის, კვების ვაუჩერი და სხვადასხვა ფინანსური დანამატები. მისი სიტყვებითვე, სახელმწიფოსთვის ბავშთა უფლებები პრიორიტეტულია.
ბაღდათში, ხის ძველ საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს სოციალურად დაუცველი ოჯახი ემსხვერპლა, მათ შორის, 4 ბავშვი და 2 ქალი. აღნიშნული ოჯახის შესახებ გასულ წელს სიუჟეტი მოამზადა ტვ პირველმა. ტელეკომპანიის სიუჟეტში ოჯახი სიღარიბეზე საუბრობს, ამჟამად უკვე გარდაცვლილი ქალი აცხადებს, რომ ისინი სოციალურ დახმარებას ვერ იღებენ.