ახალი ამბები

აშშ-ბელარუსის ურთიერთობებში სიცივე დასრულდა – ლუკაშენკო

4 თებერვალი, 2020 • 1209
აშშ-ბელარუსის ურთიერთობებში სიცივე დასრულდა – ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, აშშ-ბელარუსის ურთიერთობებში სიცივის პერიოდი დასრულდა და მისი ქვეყანა „ურთიერთობებს ალაგებს უდიადეს იმპერიასთან – მსოფლიოს წამყვან ქვეყანასთან“.

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ადრე ბელარუსი და აშშ  „ერთმანეთს უყურებდნენ რაღაც ამბრაზურის საშუალებით, ბეტონის სქელ კედელში“, ახლა კი ურთიერთობების დალაგება დაიწყეს.

ლუკაშენკომ აგრეთვე აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ბელარუსში ვიზიტმა სკანდალი გამოაწვია რუსეთში, რომელიც, მისი შეფასებით, გაუმართლებელია, რადგანაც აშშ-რუსეთის ურთიერთობები უფრო მყარია.


მაიკ პომპეო ბელარუსს რამდენიმე დღის წინ ესტუმრა და განაცხადა, რომ აშშ მზად იყო, ბელარუსისთვის ნავთობი საჭირო რაოდენობით მიეწოდებინა და ქვეყანაში ინვესტიცია გაეკეთებინა, რათა მხარი დაეჭირა ბელარუსის სუვერენიტეტისთვის.

ბელარუსს ნავთობის ახალი მიმწოდებლის მოძებნა მას შემდეგ დასჭირდა, რაც შეთანხმებას რუსეთთან წინა წლის ბოლოს ვადა გაუვიდა. ამჟამად მხარეები ფასზე მოლაპარაკებას ვერ ახერხებენ.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი