ახალი ამბები

შოთაძე თავის გადადგომას “კომუნიკაციის ნაკლებობით” გამოწვეული გაუგებრობით ხსნის

4 თებერვალი, 2020 • 1210
შოთაძე თავის გადადგომას “კომუნიკაციის ნაკლებობით” გამოწვეული გაუგებრობით ხსნის

გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გარშემო განვითარებული მოვლენები, რასაც მის მიერ გენერალური პროკურორის თანამდებობის დატოვება მოჰყვა, საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაკლებობის შედეგი იყო.

შოთაძე, რომელიც ხელახლა იბრძვის ამ თანამდებობის დასაკავებლად, ამბობს, რომ შექმნილი სიტუაცია და “საზოგადოებაში არსებული გაუგებრობა გამომდინარეობდა მეტწილად პოლიტიკური პარტიების მხრიდან ამ ტრაგედიით მანიპულირებით”:

“მე, რა თქმა უნდა, არაერთხელ მისაუბრია იმ მოტივებზე და მიზეზებზე, რის გამოც მაშინ მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება და გამომდინაროებდა, ზოგადად, პროკურატურის, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. მაშინ შეიქმნა განსაკუთრებული სიტუაცია, როდესაც მართლაც მძიმე სისხლის სამართლის საქმეზე საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა შეიქმნა. ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეები აქტუალურია საზოგაოდებაში, ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, რომ პოლიტიკური ჯგუფები, პარტიები, ხშირად ცდილობენ ამ საქმეების საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებას.

ამ პერიოდში შექმნილი სიტუაცია და საზოგადოებაში არსებული გუგებრობა მეტწილად გამომდინარეობდა პოლიტიკური პარიტების მხრიდან ამ ტრაგედიით მანიპულირებით. საზოგადოება შეცდომაში იყო შეყვანილი, ვინაიდან მხოლოდ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება იყო მიღებული და ამ საქმეზე გრძელდებოდა მართლმსაჯულების პროცესი. ყველაფეირ წინ იყო” ,- ამბობს შოთაძე საპროკურორო საბჭოში მიმდინარე გასაუბრებაზე.

ყოფილი გენერალური პროკურორის თქმით, ამ საქმეზე მართლმსაჯულების პროცესი “საკმაოდ აქტიურად” მიმდინარეობს და მთელი რიგი შედეგებისა არის დამდგარი. შოთაძე აღნიშნავს, რომ გადადგომით საზოგადოებას აჩვენა, რომ ამ პოსტზე კანონის სამსახურში ყოფნისთვის იყო და სხვა პირადი მოტივაცია არ ჰქონია:

“ჩემი მესიჯი საზოგადოების წინაშე იყო ის, რომ დაენახა საზოგადოებას, [თანამდებობა] ჩემთვის იმ შემთხვევაში არაფერს წარმოადგენდა. პირადად მე იქ არანაირი მოტივაცია არ მქონია, რომ რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩამედინა ან უფლებამოსილება კანონის საწინააღმდეგო მიზნებისთვის გამომეყენებინა. სწორედ ამის საჩვენებლად მივიღე ეს გადაწყვეტილება.

ასევე, გადადგომის მიზანი იყო, რომ ამ საქმეზე გაგრძელებულიყო მართლმსაჯულების პროცესი, წასულიყო სამართლებრივი გზით და მისულიყო ლოგიკურ გადაწყვეტილებამდე. ვფიქრობ, ჩემი გადაწყვეტილებით შეიქმნა ამის შესაძლებლობა და დღესაც არ ვნანობ ამას. რაც შეეხება მომავალს, ჩვენ დავინახეთ ის შეცდომები, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს მსგავს სიტუაციამდე და ყველა ზომები უნდა იქნას მიღბული, რომ მსგავსი პრეცედენტი აღრ შეიქმნას”, – ამბობს შოთაძე.

შოთაძის გარდა მთავარი პროკურორის პოსტის დასაკავებლად კიდევ 16 პირი იბრძვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი