თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, განათლებისა და კულტურის, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა დღეს, 5 ივლისს გაიმართა.
მერის მოადგილემ აღნიშნა, რომ ქონების საბაზრო ღირებულებას სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო სტიქიამდე არსებული ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით დაადგენს, აცხადებს საკრებულო.
ვიცე-მერის ინფორმაციით, წესი ითვალისწინებს ზარალის ანაზღაურების ორ ვარიანტს, კერძოდ, სულადობის მიხედვით ფართისთვის თანხის გამოყოფას და საბაზრო ღირებულებით იმ ქონების გამოსყიდვას, რაც დაზარალებულებს სტიქიის ადგილზე გააჩნდათ.
მისი თქმით, შემუშავებული წესის მიხედვით, დაზარალებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავად აირჩიონ, თუ რომელი შეთავაზებით სურთ ზარალის ანაზღაურება.
“1-2 წევრიანი ოჯახებისათვის – 45 კვ.მ, 3-4 სულიანი ოჯახებისთვის – 65კვ.მ, 5-6 წევრიანი ოჯახებისთვის – 90 კვ.მ, ხოლო 7 და მეტსულიანი დაზარალებული ოჯახებისთვის 110 კვ.მ ფართის ადეკვატური კომპენსაცია გაიცემა. გარდა ამისა, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები, ვისაც სრულად დაეტბორა სახლი და გაუნადგურდა მოძრავი ქონების საოჯახო პაკეტი, მის შესაძენად სულადობის მიხედვით 8000-დან – 10 500 ლარამდე მიიღებენ“,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ვიცემერმა აღნიშნა, რომ დაზარალებულ ოჯახებს პრიორიტეტების მიხედვით დაეხმაებიან. პირველ ეტაპზე დახმარება გადაეცემა დაზარალებულ ოჯახს, რომლის არც ერთ წევრს არ გააჩნია საცხოვრებლად უსაფრთხო სხვა უძრავი ქონება, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ დაზარალებულ ოჯახებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 100 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა, მრავალშვილიან დაზარალებულ ოჯახებს, რომლებსაც 18 წლამდე ასაკის სამი და მეტი შვილი ჰყავთ, დაზარალებულ ოჯახს, რომლის წევრიც არის ორსული ან მეძუძური დედა, დაზარალებულ ოჯახს, რომლის წევრიც არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და დაზარალებულ ოჯახს, რომლის ერთ-ერთი წევრი არის ომის ვეტერანი.
საკრებულოს ინფორმაციით, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა ფულადი დახმარების გაცემის წესზე საკრებულო 5 ივლისს დაგეგმილ რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს.