უფლებადამცველ და ორგანიზაცია “Legal Education Society”-ს თავმჯდომარეს ინტიგამ ალიევს ბაქოს სასამართლომ 22 აპრილს 7.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალი გადასახადების დამალვაში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში და დიდი რაოდენობით თანხის გაფლანგვაში ედება. მისი ადვოკატები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ.
ალიევის ადვიკატი ჯავად ჯავადოვი აცხადებს, რომ დაცვის მხარე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შუამდგომლობის დაყენებას აპირებს. მისი თქმით, თუ სასამართლო ამ შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს, მაშინ დაცვის მხარე ნაწილობრივი ხელახალი გამოძიების ჩატარებასა და აღკვეთის ღონისძიების შიდა პატიმრობით შეცვლას მოითხოვს.
ბრალდების მხარე აღნიშნულ საქმეზე კომენატარს არ აკეთებს, წერს “კავკაზსკი უზელი”.
ინტიგამ ალიევი 2014 წლის აგვისტოში დააკავეს. 8 აგვისტოს იგი აზერბაიჯანის მთავარი პროკურატურის განსაკუთრებულ დანაშაულთა დეპარტამენტის მიერ იქნა დაბარებული, როგორც მოწმე ადგილობრივი და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწყებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მოგვიანებით, ის ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს, გაჩხრიკეს მისი ბინა და დღის ბოლოს უფლებადამცველი სასამართლოში აღმოჩნდა. თავდაპირველად მას ბრალად ედებოდა გადასახადებისათვის თავის არიდება და უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. 2014 წლის დეკემბერში კი ალიევს ახალი ბრალი წაუყენეს დიდი რაოდენობით თანხის გაფლანგვის მუხლით.
ინტიგამ ალიევი ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მისი დაპატიმრება პოლიტიკურად მოტივირებულია.

![]() |
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |

