ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აქტივისტები სომხეთის მთელ ენერგოსისტემაში აუდიტის ჩატარებას მოითხოვენ

4 ივლისი, 2015 •
აქტივისტები სომხეთის მთელ ენერგოსისტემაში აუდიტის ჩატარებას მოითხოვენ

ხელისუფლებამ საპროტესტო მოძრაობის არც ერთი მოთხოვნა არ შეასრულა, განაცხადა 3 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე საინიციატივო ჯგუფის “არა ქურდობას!” წევრმა მაქსიმ სარგსიანმა. 


“კომპანია “სომხეთის ელექტროქსელებში” აუდიტის ჩატარების შესახებ განცხადების გაკეთებით ხელისუფლებამ დათმობა მხოლოდ გაითამაშა. ეს აუდიტი ფორმალურ ხასიათს ატარებს და ემსახურება იმას, რომ ელექტორენერგიაზე ტარიფის მატება გაამართლონ”, – მიიჩნევს აქტივისტი.

 

27 ივნისს, როცა სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მომიტინგეებს შეხვდნენ, პრეზიდენტმა სარგსიანმა განაცხადა, რომ კომპანიაში “სომხეთის ელექტროქსელები” ჩატარდება აუდიტი, რომლის დასრულებამდეც გაზრდილ ტარიფს სახელმწიფო გადაიხდის.

 

პრეზიდენტის ამ განცხადებას მოთხოვნების დაკმაყოფილებად არ მიიჩნევენ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები. ისინი ელექტროენერგიის გაძვირების გადაწყვეტილების სრულ გაუქმებას მოითხოვენ.

 

გარდა ამისა, მაქსიმ სარგსიანის თქმით, მინისტრთა კაბინეტს ამ დრომდე არ აქვს ცალსახა პასუხი, თუ რა წყაროებით დააფინანსებს ხელისუფლება გაზრდილი ტარიფის განაკვეთს.

“ეს იყო სიჩქარეში მიღებული გადაწყვეტილება, ხელისუფლებას წარმოდგენა არ აქვს, რა გზებით მოახდენს განსხვავებული ტარიფის კომპენსირებას. ცხადია, რომ პრეზიდენტმა ეს განცხადება დათმობაზე წასვლის იმიჯის შესაქმნელად გააკეთა”, – აცხადებს აქტივისტი.

 

მაქსიმ სარგსიანი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, აუდიტი სომხეთის მთელ ენერგოსისტემაში ჩატარდეს.

 

მასობრივი საპროტესტო აქციები ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების წინააღმდეგ სომხეთში 19 ივნისს დაიწყო. 23 ივნისს, გამთენიისას, სპეცრაზმმა პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილი მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. epress.am-ის ინფორმაციით, დარბევის შემდეგ სამართალდამცავებმა აქციის 237 მონაწილე დააკავეს, მათ შორის ჟურნალისტები.

1 ივლისს სომხეთში ყველა საპროტესტო აქცია შეწყდა, ამ დრომდე გრძელდება მხოლოდ 24-საათიანი მჯდომარე აქცია ერევანში, ბაგრამიანის გამზირზე.

აქცია ერევანში © vestikavkaza
აქცია ერევანში © vestikavkaza


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 


მასალების გადაბეჭდვის წესი