ახალი ამბები

“NDI-სა და IRI-ზე თავდასხმის მიზანი დასავლური კურსიდან აცდენაა” – EECMD

3 თებერვალი, 2020 • 1554
“NDI-სა და IRI-ზე თავდასხმის მიზანი დასავლური კურსიდან აცდენაა” – EECMD

“აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” (EECMD) მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან ამერიკული კვლევითი ორგანიზაციებზე თავდასხმა მიზნად ისახავს ქვეყნის დასავლური კურსიდან აცდენას.

ეროვნულ-დემოკრატიული ინტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რეპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდამჭერი განცხადება EECMD-იმ დღეს, 3 თებერვალს გამოაქვეყნა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ქვეყანაში მზარდი დეზინფორმაციის კამპანია მიმდინარეობს, რომელიც, მათი შეფასებით, მიზანმიმართულად უტევს საქართველოში დემოკრატიის მხარდამჭერ ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით, ეროვნულ – დემოკრატიულ ინსტიტუტსა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს (IRI):

” როგორც ჩანს, ეს ორი ორგანიზაცია საგანგებოდ არის შერჩეული სახიფათო, ანტიდემოკრატიული აქტორების სამიზნედ. მათი პროპაგანდა მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას მცდარი წარმოდგენების შექმნით იმ უაღრესად მნიშვნელოვანი და სასარგებლო საქმიანობის შესახებ, რომელთაც ეს ორგანიზაციები ახორციელებენ საქართველოში.

დემოკრატიისაკენ სავალი გზა საქართველოსთვის იოლი არ ყოფილა. ზოგადად, ეს გზა არსად არის ადვილად გასავლელი და ეს გაცილებით რთული იქნებოდა ჩვენი ქვეყნისათვის, რომ არა ამ ორი ორგანიზაციის საქმიანობა წლების განმავლობაში. ჩვენ დიდი ხანია მათთან ვთანამშრომლობთ და ძალიან კარგად ვიცით, თუ რამდენად საფუძვლიანი და გულწრფელია ამ ორგანიზაციების მხარდაჭერა საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიის გაძლიერებისთვის; რამდენად მაღალპროფესიონალურია მათი დემოკრატიის მხარდამჭერი სტრატეგიები და მეთოდოლოგიები” ,- აცხადებენ EECMD-ში.

EECMD-ს თქმით, ამ ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროგრამები საქართველოს დემოკრატიას სწორედ მაშინ აძლიერებს, როდესაც ქვეყანას ეს ყველაზე ძალიან სჭირდება და მათი თქმით, NDI-სა და IRI-ზე თავდასხმის მიზანია დემოკრატიისაკენ სწრაფვის საერთო თანხმობის მორღვევა ქვეყანაში, ქართულ-ამერიკული კავშირების შესუსტება და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსიდან აცდენა:

“მხარდაჭერას ვუცხადებთ ორივე ორგანიზაციის საქმიანობას საქართველოში. ასევე, ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, არ გახდნენ პოპულისტური პროპაგანდის მსხვერპლი და დამოუკიდებლად, უტყუარ ინფორმაციაზე დაფუძნებით შეაფასონ ამ ორი ორგანიზაციის ძალისხმევის შედეგები”, – აცხადებენ EECMD-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი