უწყების განცხადებით, 2015 წლის 3 ივლისს პროკურატურაში მიიღეს ფილიპე ბაბაიანის განცხადება, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის 4 აპრილს შს სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, ევროპის მოედანზე არსებულ ღამის კლუბ „ნაინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ფილიპ ბაბაიანს და მის მეგობარ არტურ ოგანეზოვს, რაც გაგრძელდა მათი ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში გადაყვანის შემდგომაც. აღნიშნულის შედეგად ფილიპ ბაბაიანმა და არტურ ოგანეზოვმა მიიღეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები.
გუშინ ტელეკომპანია “რუსთავი 2″–მა გაავრცელა ვიდეო, სადაც მედიასაშუალების განცხადებით, ასახულია, თუ როგორ ძალადობენ სამართალდამცავები ბაბაიანსა და ოგანეზოვზე. “რუსთავი 2″–ის ცნობით, ვიდეოგადაღება ერთ-ერთმა ბრალდებულმა მაჯის საათში ჩამონტაჟებული კამერით შეძლო.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიება დაიწყო შს სამინისტროს თანამშრომლების მიერ ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
პროკურატურა ასევე აცხადებს, საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად გამოძიების დაწყებისთანავე საგამოძიებო ჯგუფის მიერ დაიგეგმა და მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებები; გამოძიების შედეგების შესახებ კი საზოგადოებას დამატებით ეცნობება.