მას შემდეგ, რაც იუნუსებმა და მათმა ადვოკატებმა ეკონომიკური დანაშაულების შესახებ მათ მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის დოკუმენტაციის გაცნობა დაამთავრეს, საქმე ბაქოს მძიმე დანაშაულების სასამართლოში გაიგზავნა განსახილველად.
იუნუსები სასამართლოს წინაშე 178.3.2 მუხლით (თაღლითობა დიდი ოდენობით ზარალის მიყენებით) გათვალისწინებული ბრალდებით წარდგებიან, რომელიც შვიდიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლეილა იუნუსს 178.3.2. მუხლის (თაღლითობა) გარდა, წარდგენილი აქვს ბრალდება 274 მუხლის (სახელმწიფო ღალატი) 192.2.2 მუხლის (უკანონო საქმისწარმოება), 213.2.2 მუხლის (გადასახადებისგან თავის არიდება) და 320.1. და 320.2 მუხლების (დოკუმენტების ფალსიფიტკაცია) თანახმად.
რაც შეეხება არიფ იუნუსს, სახელმწიფო ღალატში ბრალდება მის მიმართაც ცალკე სამართალწარმოებადაა გამოყოფილი.
ადვოკატების ინფორმაციით, ლეილა და არიფ იუნუსები უარყოფენ წარდგენილ ბრალდებებს და მათ სასაცილოდ და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.
ეკონომიკური მუხლების დარღვევისთვის სასამართლოს წინაშე ცოლ-ქმარი ერთად წარსდგება.
არიფ იუნუსისა და მისი ცოლის სამართლებრივი დევნა მწვავე კრიტიკის საბაბი გახდა საერთაშორისო და უფლებადაცვითი ორგანიზაციებისთვის. ორგანიზაციამ Amnesty International ლეილა და არიფ იუნუსები “სინდისის პატიმრებად” აღიარა.
ლეილა იუნუსი 30 ივლისს ბაქოში დააკავეს. ის აზერბაიჯანში “მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის” დირექტორია, მან და მისმა კოლეგამ სომხეთიდან, ლაურა ბაგდასარიანმა, სომხეთში კვლევითი ცენტრის “რეგიონის” დირექტორმა, ბაქოში სომხეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, რაუფ მირკანდიროვის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართვა გაავრცელეს. მიმართვაში ისინი საზოგადოებას მოუწოდებდენ, კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად და აზერბაიჯანელ და სომეხ ხალხს შორის სიძულვილისა და შუღლის გაღვივების წინააღმდეგ ხმა აემაღლებინათ.
ადვოკატების ცნობით, სექტემბერში, აზერბაიჯანში, წინასწარი დაკავების იზოლატორში ლეილა იუნუსს სასტიკად სცემეს.
![]() | მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |