ახალი ამბები

სამედიცინო ჰოლდინგს გიორგი ჩოგოვაძე უხელმძღვანელებს

3 თებერვალი, 2020 •
სამედიცინო ჰოლდინგს გიორგი ჩოგოვაძე უხელმძღვანელებს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცადებით, სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს გიორგი ჩოგოვაძე უხელმძღვანელებს.

მინისტრის თქმითვე, ახალი ჰოლდინგი საწყის ეტაპზე რამდენიმე კლინიკას, მათ შორის რესპუბლიკურ სააავადმყოფოს, უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს (ონკოლოგიური) და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს გააერთიანებს. მეორე ეტაპზე კი ჰოლდინგში შევლენ რეგიონალურ ჯანდაცვაში გაერთიანებული კლინიკები.

როგორც გიორგი ჩოგოვაძემ წარდგენისას  განაცხადა, ჰოლდინგის ძირითადი მიზანი მენეჯმენტის ეფექტურობის გაზრდა და ხარისხის გაუმჯობესებაა. ამასთან, გაუმჯობესდება კლინიკების ინფრასტრუქტურა, ასევე იგეგმება პერსონალის გადამზადებაც.
“პირადად მე ჩემს გამოცდილებას და ჩემს ცოდნას მაქსიმალურად გამოვიყენებ იმისთვის, რომ ჰოლდინგმა, ერთი მხრივ, განახორციელოს სწორი და ეფექტური მენეჯმენტი და ამაღლდეს მომსახურეობის ხარისხი, ასევე, სამედიცინო სერვისები. მას შემდეგ, რაც ჰოლდინგს რეგიონალური საავადმყოფოები დაემატება, უნდა გაიზარდოს რეგიონალური წვდომა საავადმყოფოებთან. ჩვენ ძალიან ამბიციური, დიდი გეგმები გვაქვს და წარმოვადგენთ დეტალურ სამოქმედო გეგმას, რაც საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის“, – აცხადებს გიორგი ჩოგოვაძე.

გიორგი ჩოგოვაძე ამ დრომდე ეკონომიკის სამინისტროს შ.პ.ს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ხელმძღვანელობდა. მანამდე ტურიზმის ეროვნულ ადმინიტრაციას ედგა სათავეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი