როგორც სასწრაფოს პრესსამსახურში ”ნეტგაზეთს” განუცხადეს, გამოძახებაზე მისულ ბრიგადას ვაშლიჯვრის ასახვევში სადარბაზოშივე დახვდა პაციენტი, რომელსაც აწუხებდა ტკივილი გულმკერდის არეში და, როგორც შემდეგ გამოირკვა, მას ჰქონდა ოპერაციის შემდგომი ტკივილი. პრესსამსახურის განცხადებით, პაციენტი იმ კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, სადაც მას ოპერაცია გაუკეთეს.
პრესსამსახურის განმარტებთ, საწრაფოს ბრიგადას პროცედურულად რამდენიმე წუთი ჭირდება იმისათვის, რათა შეათანხმოს კლინიკასთან პაციენტის შეყვანის საკითხი.
”მან ჩათვალა, რომ მის გადაყვანაზე შეფერხება იყო, გამოხატა აგრესია, როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური და მოიშველია ცივი იარაღი. საბედნიეროდ, ექიმებმა მოასწრეს მანქანის კაბინაში განთავსება,”- აცხადებენ პრესსამსახურში.
მათივე ცნობით, ინციდენტში ჩაერთო პაციენტის მამა და რამდენიმე თანმხლები პირი; ექიმებმა კი გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, მოვიდა დამატებითი ბრიგადა, რომელმაც პაციენტი კლინიკაში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ”ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით 2 პირი 166-ე მუხლით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. საქმეზე კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.





