განცხადებაში ნათქვამია, რომ გაეროს გენერალური ასამბლეა უკვე რამდენიმე წელია განიხილავს საქართველოს მიერ შეტანილ რეზოლუციის პროექტს სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ. საქართველო ყოველწლიურად იმეორებს დოკუმენტის ტექსტს და ცდილობს, მსოფლიო საზოგადოებას თავს მოახვიოს დევნილთა პრობლემების ერთმხრივი, პოლიტიზებული და დამახინჯებული ხედვა, რათა თავისი არალეგიტიმური ტერიტორიული პრეტენზიები გაიმყაროს, წერია დელეგაციების ერთობლივ განცხადებაში.
“რადგან საქართველოს ურჩევნია, რომ დევნილებთან და ქვეყნის შიგნით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული საკითხები განიხილოს ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანოში, როგორც გაეროს გენერალური ასამბლეაა, მაშინ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დაჟინებით მოითხოვენ დაცული იქნას მათი მონაწილეობის უფლება აღნიშნული პრობლემის განხილვაში გაეროს კედლებში. სანამ დევნილთა პრობლემების გარშემო პოლიტიკური თამაში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს მიღმა გაგრძელდება, ამ პრობლემის განხილვას ჟენევის დისკუსიის ფარგლებში არანაირი აზრი არ ექნება”, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ 2015 წლის ივნისში წარდგენილ მორიგ რეზოლუციის პროექტში საუბარია იმის შესახებ, რომ ყველა დევნილი, ქვეყნის შიგნით გადაადგილებული პირი და მათი შთამომავლები “მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში” უნდა დაბრუნდნენ.
დელეგაციების განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რეზოლუციის ტექსტში არაფერია ნათქვამი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ხელისუფლების ინიციატივაზე, მუდმივ საცხოვრებელ ადგილს დაბრუნებოდა ათობით ათასი ქართველი დევნილი.
“სპუტნიკის” ინფორმაციით, დევნილთა პრობლემის გადაჭრის მთავარ გზად განცხადებაში დასახელებულია “არა დიპლომატიური ხრიკები, რომლებიც რეზოლუციის პროპაგანდულ ეფექტზეა გათვლილი, არამედ უარის თქმა კონფრონტაცუილ დამოკიდებულებაზე და ხელის მოწერა იურიდიულ დოკუმენტზე, რომელიც დაავალდებულებს ორივე მხარეს, უარი თქვან ძალის გამოყენებაზე და მიაღწიონ მშვიდობიან შეთანხმებას”.
![]() | მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |