ახალი ამბები

ნორლანდი: გული მწყდება, რომ არ მომეცა საშუალება, დავბრუნებულიყავი სოხუმში

2 ივლისი, 2015 •
ნორლანდი: გული მწყდება, რომ არ მომეცა საშუალება, დავბრუნებულიყავი სოხუმში

“მოკლე სიტყვა მექნება, რადგან გულში შერეული ემოციები მაქვს — საქართველოში ამერიკის ელჩის რანგში ჩემთვის ეს უკანასკნელი 4 ივლისია. აღფრთოვანებული ვარ, რამდენად გრძელი გზა განვლო საქართველომ დემოკრატიის აღმშენებლობის გზაზე არა მხოლოდ 22 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართელოს პირველად ვესტუმრე, არამედ იმ უკანასკნელ სამ წელიწადშიც, რაც მე და მერი აქ ვართ”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

 

მან ისაუბრა იმ გამოწვევების შესახებ, რაც საქართველოს წინაშე რჩება:

 

“კარგად მესმის, ჩვენი გამგზავრებისას საქართველო კვლავ მრავალი გამოწვევის წინაშე რჩება: რეგიონში უსაფრთხოების არასტაბილური გარემოა, რომელსაც ემატება შიდა და საერთაშორისო ეკონომიკური და პოლიტიკური გაურკვევლობა, რომლის მოგვარებაც მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლებმა უნდა სცადონ. 
გული მწყდება, რომ არ მომეცა საშუალება, დავბრუნებულიყავი ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ულამაზეს მთებში, ან სოხუმში, რომელსაც 1993 წელს, აქ მუშაობისას ვსტუმრობდი ხოლმე. ჩემი გულწრფელი სურვილია, რომ ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს მიეცეთ შანსი, რომელსაც იმსახურებენ — ერთად იცხოვრონ კეთილდღეობასა და მშვიდობაში იმ მიწაზე, რომელიც მათთვის საზიაროა. 

 

მართალია, შერეულ ემოციებს ვგრძნობ, მაგრამ ერთი რამ ნათელია: დღეს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გვერდში დგას ისევე მტკიცედ, როგორც 24 წლის წინ, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენისას.

 

როცა თქვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას კითხვის ქვეშ აყენებენ, ჩვენ თქვენ გვერდში ვართ. 
როცა წყალდიდობა გიტევთ, ჩვენ თქვენ გვერდში ვართ. 

 

როცა თქვენი შეიარაღებული ძალები გაძლიერებასა და განახლებას საჭიროებს, ჩვენ თქვენ გვერდში ვართ — ზუსტად ისე, როგორც თქვენ ჩვენ გვერდში ხართ ბრძოლის ველზე და იჩენთ სიმამაცესა და გმირობას.

 

როცა თქვენს შვილებს განათლების მიღება და სამუშაო ადგილები სჭირდებათ, ჩვენ თქვენ გვერდში ვართ. თქვენ გვერდით არიან თქვენი მეგობრები ევროპაში, შორეულ აღმოსავლეთში და სხვაგან. 

 

საქართველოს საკვანძო ადგილი უჭირავს ახალ ძალისხმევაში, აღდგეს აღმოსავლეთ-დასავლეთის კავშირები ევრაზიის მასშტაბით. სიამაყით ვთანამშრომლობთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოსთან ამ ახალი შესაძებლობების ასამუშავებლად -ზუსტად ისე, როგორც სიამაყით ვთანამშრომლობთ მასთან გლობალური უსაფრთხოების გასამტკიცებლად”, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

 

რიჩარდ ნორლანდმა მის შემცვლელზეც ისაუბრა საქართველოში:

 

“ჩემი შემცვლელი, ელჩი იან კელი და მისი მეუღლე ფრანჩესკა გააგრძელებენ ამ დინამიკურ ურთიერთობებს იმ წერტილიდან, სადაც მე და მერი გავჩერდებით. მას ამ საელჩოში შესანიშნავი პროფესიონალების გუნდი დახვდება. რთულია, საკმარისი მადლიერება გამოხატო ჩემი ამერიკელი კოლეგების მიმართ, რომლებიც აშშ-ის მთავრობის სხვადასხვა უწყებებს წარმოადგენენ, ისევე როგორც ერთგული ადგილობრივი თანამშრომლების მიმართ, რომელთა მრავალწლიანი გამოცდილება და მხარდაჭერა სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი მისიისთვის.

 

მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს მეუღლე მერის მადლობა გადავუხადო მისი მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის. მისი რჩევები ყოველთვის ძალიან საჭირო იყო ჩემთვის. რაც მიგაჩნიათ, რომ ამ სამი წლის განნმავლობაში კარგად გავაკეთე, მისი დამსახურებაა. რაც არასწორად გავაკეთე, პირადად ჩემი ბრალია.
მივმართავ ჩვენს მეგობრებს საქართველოს ყველა კუთხიდან. წინასწარ გიხდით მადლობას, რომ იანსა და ფრანჩესკას მსოფლიოში განთქმულ ქართულ მასპინძლობას გაუწევთ, ზუსტად ისე, როგორც ეს გვაგრძნობინეთ მე და მერის და ყველა ამერიკელ თანამშრომელს ჩვენ საელჩოში”. 

რიჩარდ ნორლანდი და ირაკლი ღარიბაშვილი, 2/07/2015
რიჩარდ ნორლანდი და ირაკლი ღარიბაშვილი, 2/07/2015

მასალების გადაბეჭდვის წესი