ახალი ამბები

საქართველო VS რუსეთი – სტრასბურგში კომპენსაციაზე შეთანხმების 12-თვიანი ვადა ამოიწურა

3 ივლისი, 2015 •
საქართველო VS რუსეთი – სტრასბურგში კომპენსაციაზე შეთანხმების 12-თვიანი ვადა ამოიწურა

იუსტიციის სამინისტროში ამ საკითხზე  კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ, თუმცა უწყების პრესსამსახურმა გუშინ, 2 ივლისს გვითხრა, რომ სამინისტრო განცხადებას გაავრცელებს.


დღეს ზუსტად 12 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ და საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის საფუძველზეც მოსკოვმა თბილისს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ 12 თვის განმავლობაში მხარეები ვერ შეთანხმდებოდნენ კომპენსაციის ოდენობაზე, შესაბამის გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.


რუსეთ-საქართველო - www.trend.az-ის ფოტო
რუსეთ-საქართველო – www.trend.az-ის ფოტო


2014 წლის 3 ივლისს გამოქვეყნებული განჩინებით დაადგინა, რომ რუსეთმა 2006 წელს საკუთარ ტერიტორიაზე ეთნიკური ქართველების მასობრივი დაპატიმრებითა და მათი ქვეყნიდან გაძევებით დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6 მუხლი, მათ შორის მეოთხე მუხლი, რაც უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვას ითვალისწინებს, ასევე, კონვენციის მე-3 (წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება), მე-5 მუხლის პირველი ნაწილი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-5 მუხლის მე-4 ნაწილი (დაკავებისას სასამართლო განხილვის უფლება) და 38-ე მუხლი (ეფექტიანი გამოძიების ჩატარებისათვის ყველა საჭიროების უზრუნველყოფის ვალდებულება). დარჩენილ სამ მუხლში, რომელსაც ქართული მხარე მოსკოვს ედავებოდა, რუსეთის ფედერაციამ თავის გამართლება მოახერხა. სასამართლომ რუსეთს დააკისრა სამართლებრივი ვალდებულება, კომპენსაცია გადაუხადოს საქართველოს მისი მოქალაქეების უფლებების დარღვევისთვის. კომპენსაციის ოდენობაზე შესათანხმებლად საქართველოსა და რუსეთს 12-თვიანი ვადა მიეცათ. 


მიმდინარე წლის თებერვლის მონაცემებით რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები დაწყებული არ იყო. უფრ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.


მასალების გადაბეჭდვის წესი