ახალი ამბები

მშობლები საქართველოდან, რომლებმაც შვილები სექსუალური ორიენტაციის გამო არ გარიყეს

2 ივლისი, 2015 •
მშობლები საქართველოდან, რომლებმაც შვილები სექსუალური ორიენტაციის გამო არ გარიყეს

ამ მოსაზრებას ამტკიცებს ეკა ქევანიშვილის მიერ ჩატარებული კვლევა, სახელწოდებით “ლგბტ ადამიანების მშობლები„ “უმცირესობის უმცირესობა“ – გზა მიმღებლობისკენ” 7 დედ-მამის მონაწილეობით, რომლებსაც გეი, ლესბოსელი და ქვიარი შვილები ჰყავთ. მათი სახელები ანონიმურობიდან გამომდინარე პირობითია.

 

“თუ ვინმე რამე ისეთს იტყვის ჩემი შვილის მსგავს ადამიანებზე ცუდს, არ არსებობს გავჩერდე, არ ვაპატიებ, არ გავჩერდები, შეიძლება ძალიან მკვახედ და უხეშადაც კი ვუთხრა ასეთ ადამიანს, რომ იცი, შენ ახლა ჩემზე ლაპარაკობ-მეთქი, მაგრამ ეს რომ დღეს ასეა, ალბათ, დიდწილად ჩემი შვილის დამსახურებაა. მე ამ ბრძოლაში მარტო არ ვყოფილვარ”, – ამბობს კვლევის მონაწილე 57 წლის მედეა.

 

მედეა ამბობს, რომ არ ახსოვს, როდის გაიგო მისი შვილის სექსუალური ორიენტაციის შესახებ, რადგან ასეთი კონკრეტული დღე არც ყოფილა. იგი ნელ-ნელა ამჩნევდა თავისი შვილის განსხვავებულობას, იცნობდა რა მის შეხედულებებსა და მეგობრებს.

 

იმის მიუხედავად, რომ მედეას მძაფრად არ მიუღია მისი შვილის ორიენტაცია, მაინც დასჭირდა დრო იმის გაცნობიერებას, რომ მისი შვილი ქვიარი არის. ამ ყველაფერმა მათ მეგობრობას საფრთხე ვერ შეუქმნა.

 

პირიქით, მედეა ამბობს, რომ მას ისიც აღიზიანებს, როცა მის შვილსა და მეგობრებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ.

 

დალი (52 წლის) ამბობს, რომ მან და მისმა ქმარმა შემთხვევით გაიგეს, თავის გოგოს რომანი რომ ჰქონდა სხვა ქალთან. მათ იფიქრეს, რომ ეს დროებითი მოვლენა იყო, თუმცა ნელ-ნელა მიხვდნენ, რომ ცდებოდნენ.

 

დალის თქმით, მისთვის და მისი ქმარისთვის იოლი მაინც არ ყოფილა ამ ყველაფრის მიღება, რადგან არსებობდნენ ნათესავები და ახლობლები. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გაუმხილეს სიმართლე ძმას, მამიდებს, რამდენიმე ახლობელს შვილის სექსუალური ორიენტაციის შესახებ.

 

ია (50 წლის) ამბობს, რომ საკუთარმა ვაჟმა “სკაიპით” უთხრა, რომ გეია, თუმცა მანამდე შვილის სექსუალურ ორიენტაციაზე ეჭვი არ აუღია. განცდების, ტირილისა და რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ საბოლოოდ მიიღო საკუთარი შვილი ისეთი, როგორიც არის.

 

“მე კი ვიცი, რომ მას ისეთი არაფერი აწუხებს, რაც მე არ ვიცი. ვფიქრობ, ის ბედნიერია. მაგრამ უფრო ბედნიერი იქნებოდა, სხვებიც ჩემსავით რომ ფიქრობდნენ“, – ამბობს ია.

 

შვილის “ქამინგ აუთამდე” სიტყვა ჰომოსექსუალის მიმართ ნეგატიური განწყობა ჰქონდა, მიაჩნდა, რომ ეს მათი არჩევნი იყო, თუმცა მისმა შვილმა ყველაფერი შეცვალა. ახლა იცნობს შვილის მეგობრებს და მასთან მეგობრული ურთიერთობა აქვს.

 

“მე მესმის ჩემი შვილის და ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ამის გულისთვის ადამიანი დასაჯო. უბრალოდ, მეტი უნდა გაიგო მასზე და მიიღო ის არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის შენი შვილია, იმიტომაც, რომ მიიღო ის, როგორც ადამიანი. ის არც ავადმყოფია, არც გარყვნილი. ის ბუნებრივად ასეთია”, – ამბობს 57 წლის მანანა.

 

მანანა ფიქრობს, რომ გეი, ლესბოსელი, ტრანსგენდერი, ბისექსუალი თუ ქვიარი შვილის ყოლა ეხმარება მშობელს საკითხის გააზრებაში, თუმცა სკოლიდანვე უნდა ხდებოდეს ადამიანებისთვის სექსუალობის საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება, ამბობს იგი.

 

თამარი ამბობს, რომ სანამ შვილმა არ გაუმხილა, რომ ლესბოსელი იყო, მანამდე ჰომოსექსუალების მიმართ უსიამოვნო დამოკიდებულება ჰქონდა.

 

თამარი (55 წლის) თავიდან ფიქრობდა, რომ ჰომოსექსუალები კი არ იბადებოდნენ ამ იდენტობით, არამედ ვიღაცის გამო ხდებოდნენ ასეთები. ამბობს, რომ თავიდან ფიქრობდა, შესაძლოა გარემომ იმოქმედა მის შვილზე, თუმცა შემდეგ წაიკითხა ამ თემაზე, შეხვდა ლგბტ თემის წევრებს და აზრიც შეიცვალა.

 

შედარებით განსხვავებულად ხედავს საკითხს ერთადერთი კაცი მონაწილე ამ კვლევისა, ზურაბი. იგი ყველაზე სიტყვაძუნწი რესპონდენტი აღმოჩნდა, ამბობს ეკა ქევანიშვილი.

 

დედა, მამა, მე გეი ვარ!
დედა, მამა, მე გეი ვარ!

ზურაბი ამბობს, რომ შვილის ლესბოსელობას მხოლოდ იმის გამო შეურიგდა, რომ მისი შვილია. მიაჩნია, თუ როგორ იცხოვრებს მისი შვილი, მისივე გადასაწყვეტია. თუმცა, მისი შვილის “ქამინგ აუთმა” სხვა ჰომოსექსუალების მიმართ ანტიპათიური დამოკიდებულება დადებითად შეცვალა.

 

ზურაბს მიაჩნია, რომ ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცია არ უნდა იმართებოდეს, რადგან “რეკლამას უკეთებს უმცირესობას”. ზურაბი ამბობს, რომ არც მშობლებთან და არც სხვებთან სექსუალობის თემებზე საუბარი არ სურს, განსხვავებით კვლევის სხვა მონაწილეებისგან, რომლებმაც გამოთქვეს მზადყოფნა მიიღონ მონაწილეობა შეხვედრებში, სადაც ჰეტეროსექსუალ თუ სხვა ჰომოსექსუალთა მშობლებთან ამ საკითხებზე ისაუბრებენ.

 

ამავე კვლევაში ფსიქოლოგი თამარ თანდაშვილი, რომელიც ლგბტ თემის წევრებსა და მშობლებთან მუშაობს, ამბობს, რომ ორი ტიპის მშობლები არსებობენ: ერთნი, შვილების მიერ “ქამინგ აუთის” გაკეთების შემდეგ დუმილს და გაჩუმებას არჩევენ და ცდილობენ გამონახონ გზები შვილის “განკურნებისთვის”, ხოლო მეორენი საკითხს ისე აყენებენ, რომ “მათ შვილებს არაფერი სჭირთ.”

 

ფსიქოლოგის თქმით, შვილებისთვის დიდი მნიშნელობა აქვს მშობლების დამოკიდებულებასა და განწყობას მათ მიმართ. თანდაშვილი ამბობს, რომ საქართველოში მშობლებთან ქამინგ აუთი, შეიძლება ითქვას, თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებს აქვთ გაკეთებული. თერაპიის დროს ჩანს, რამხელა ზეგავლენა აქვთ მშობლებს მათზე და თუ ისე მოხდა, რომ დედ-მამას სიმართლე უთხრეს, ეს ადამიანები “თავისუფლდებიან, დაფრინავენ“

 

ეკა ქევანიშვილი ამბობს, რომ ძალიან გაუჭირდა იმ მშობლების მოძიება, რომლებიც მზად იყვნენ ანონიმურობის დაცვის გარანტიით ესაუბრათ შვილების შესახებ. კვლევის ავტორმა რესპოდენტების ძიების პროცესში 20 უარი მიიღო. მათი პასუხები “უარის ისტორიების” სახითაა გაერთიანებული.

 

“მშობლებში ძნელად, მაგრამ მაინც გროვდება რესურსი, რაც დღეს თუ არა ხვალ მისცემს ძალას უკვე სხვებს ელაპარაკონ ლგბტ თემის წევრების უფლებებზე. თუმცა ჯერჯერობით, როგორც ზემოთაც ვახსენეთ, საჯაროდ და საკუთარი სახელით დანარჩენ საზოგადოებასთან დალაპარაკება მხოლოდ ერთმა დედამ შეძლო. მოლოდინი, ვინ იქნება შემდეგი და ვინ დაარღვევს დუმილს, დღესაც არსებობს”, – ამბობს კვლევის ავტორი.

 

კვლევა 2014 წლის 10 ნოემბრიდან 2015 წლის 10 თებერვლამდე პერიოდში მომზადდა. მასში სულ 7-მა რესპოდენტმა – 6 ქალმა და ერთმა კაცმა – 4 ლესბოსელის, 2 გეისა და ერთი ქვიარის მშობელმა მიიღო მონაწილება. მშობლების ასაკი 35 წელს ზევითაა. 6 მშობელი – თბილისში, ერთი კი ბათუმში ცხოვრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი