ახალი ამბები

მსოფლიო ბანკმა საქართველოში ტურიზმის ხელშეწყობისთვის 60 მილიონი დოლარი გამოყო

2 ივლისი, 2015 •
მსოფლიო ბანკმა საქართველოში ტურიზმის ხელშეწყობისთვის 60 მილიონი დოლარი გამოყო

მსოფლიო ბანკის ცნობით, პროექტის მიზანია ინფრასტრუქტურული მომსახურებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება სამცხე-ჯავახეთის და მცხეთა–მთიანეთის ადგილობრივ ეკონომიკაში ტურიზმის წვლილის ზრდის მხარდასაჭერად.

 

პროექტი ორი კომპონენტისგან შედგება: ურბანული დასახლებების აღდგენა და ტურისტული მარშრუტების შემუშავება, საზოგადოებრივი და ტურისტული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა კერძო ინვესტიციების მოსაზიდად; და ინსტიტუციური განვითარება.

 

„პროექტის მთავარი ბენეფიციარები არიან მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მაცხოვრებლები და ტურისტები, რომლებსაც ექნებათ წვდომა გაუმჯობესებულ საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურაზე კულტურული მემკვიდრეობის ადგილებსა და ქალაქებში. აღნიშნული ღონისძიებების წყალობით რეგიონის მოსახლეობის ცხოვრების დონე ამაღლდება,“ აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, ჰენრი კერალიმ.   

 

მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში  შესაძლებელი იქნება უკეთესი ინფრასტრუქტურით სარგებლობა, კერძო სექტორის ინვესტიციები გაიზრდება. ასევე, მოიმატებს მცირე და მიკროსაწარმოების რაოდენობა განახლებულ ძეგლებთან და ქალაქებში. სახელმწიფო სარგებელს ნახავს ტურისტების ხარჯვის და კმაყოფილების ზრდით, სამუშაო ადგილების შექმნით, შერჩეული ორგანიზაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების დახვეწით, აქტივების მართვის და ტექნიკური მომსახურების გაუმჯობესებული შესაძლებლობით, აცხადებს მსოფლიო ბანკი.

 

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობამ საქართველოში ფართომასშტაბიანი კონსულტაციები აწარმოა, რომლებმაც ხელი შეუწყო რეგიონის საჭიროებების წარმოჩენას, ორივე რეგიონისთვის ტურიზმის განვითარების და მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებას და პროექტის სათანადოდ მომზადებას.

 

ტურისტული მარშრუტი განისაზღვრა ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით. თითოეულ რეგიონს შეუძლია მაღალი ხარისხის ტურისტული პოტენციალის პროდუქტების მრავალფეროვნების შეთავაზება კულტურული მემკვიდრეობის, ეკოსისტემების, ბუნების, ზამთრის კურორტების და საზაფხულო სამთო-სათავგადასავლო ღონისძიებების  შენარჩუნებით და განვითარებით. ორივე რეგიონის ტურისტული პოტენციალის ათვისება ხელს შეუწყობს დასაქმების შესაძლებლობების ზრდას. განსაკუთრებით, მცირე სასტუმროებსა და მცირე და საშუალო საწარმოებში.

 

„პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა ამ ორ რეგიონში ტურიზმის განვითარების მიმართ ერთიანი მიდგომით, ინფრასტრუქტურაზე ფოკუსირებით, ურბანული განახლებით, კულტურული მემკვიდრეობის აღდგენით, უნარ-ჩვევების გამომუშავებით და კერძო სექტორის ინვესტიციებისთვის გარემოს მიმზიდველობის ამაღლებით,“- განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მდგრადი განვითარების პროგრამების ხელმძღვანელმა აჰმედ ეივეიდამ.

 

აღნიშნული ორ რეგიონში ბოლომდე იქნება გამოყენებული  ტურიზმის და სასტუმროების ინდუსტრიის ჯერჯერობით აუთვისებელი, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანი პოტენციალი. რეგიონები გამოცოცხლდება და შეუერთდება დანარჩენ საქართველოს ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარების ერთიან საქმეში, მიაჩნიათ მსოფლიოს ბანკში.

 

საწარმოო საქმიანობის წახალისებაზე აქცენტირებით, დამატებითი ინფრასტრუქტურული და საბაზისო სერვისების გაწევის პარალელურად, დაგეგმილ პროექტს შეუძლია შემოსავლის მომტანი შესაძლებლობების შეთავაზება ამ რეგიონებისთვის.

 

რეგიონული განვითარების მესამე პროექტი გააგრძელებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო მუზეუმის, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის და სხვა ადგილობრივი თუ რეგიონული ორგანიზაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას.

 

ეს მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის დამტკიცებული რეგიონული განვითარების მესამე პროექტია, რომელიც 2015 წლის 1 ივლისს დაამტკიცა. პირველი აღნიშნული სერიიდან კახეთის რეგიონისთვის (IBRD-ის სესხი 60 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით) მსოფლიო ბანკმა 2012 წლის მარტში დაამტკიცა, რეგიონული განვითარების მეორე პროექტი იმერეთისთვის (IBRD-ის სესხი 30 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით) კი _ 2012 წლის ნოემბერში.

 

1992 წლიდან მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხების მთლიანი ოდენობა 2.39 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.  

 

მსოფლიო ბანკი
მსოფლიო ბანკი

მასალების გადაბეჭდვის წესი