პროკურატურის ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმისთვის საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრებს ბრალი წაუყენეს.
უწყებამ საკრებულოს წევრებს ბრალი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. ბრალდება, დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
პროკურატურაში ასევე აცხადებენ, რომ ირაკლი ზარქუას მიმართ “განხორციელებული ძალადობის ფაქტზე” ლევან ხაბეიშვილი პროკურატურაში დაიბარეს.
“2020 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საკრებულოს წევრის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე თბილისის საკრებულოს წევრებს – ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას – წარედგინათ ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ასევე, 24 იანვარს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზნით, თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.