
„გუშინ, 30 ივნისს, გადავდიოდი საზღვარზე ოჯახთან ერთად, ხუთნი ვიყავით. ჩემს ერთ შვილს უმიზეზოდ არ მისცეს შესვლის უფლება. ვიკითხე, რატომ მოხდა ასე, შენ ამის ადვოკატი ხარო, შენ უნდა გაგცე პასუხიო? და შემაგინა. მე ვუთხარი ოჯახთან ერთად ვარ დ თუ რამე დააშავა, მითხრი, მამა ვარ-მეთქი და კიდევ შემაგინა. მეც შევაგინე და ეს იარაღით წაამოვიდა. ჩემს ცოლს ერთხელ დაარტყეს დუბინკა, მეორედ რომ მოუქნიეს, ჩემი შვილი გადაეფარა და მას მოხვდა“, – ამბობს თემურ აბაშიძე.
მისი თქმით, ინციდენტის შედეგად თურქეთის საზღვარზე რამდენიმე საათის განმავლობაში აღარ უშვებდნენ ქართველებს და მეორე მხარეს საქართველოს საბაჟოს წარმომადგენელიც გადავიდა მოსალაპარაკებლად.

18 წლის ამირან აბაშიძეს ყელისა და ყურის არეში სისხლჩაქცევის კვალი აქვს. იგი ამბობს, რომ თურქი მებაჟის რეზინის ხელკეტი მოხვდა. ის ამბობს, რომ საბუთები წესრიგში ჰქონდა.
ინციდენტს ესწრებოდა თემურ აბაშიძის მეუღლე, ასმათ აბაშიძე. იგი ამბობს, რომ თურქი მებაჟეები მას უწმაწური სიტყვებით მიმართავდნენ, მან მებაჟეს ჩანთა მოუქნია და საპასუხოდ რეზინის ხელკეტი ჩაარტყეს. „ისეთი სიტყვები მაკადრა, არ შეიძლებოდა მოსმენა. დუბინკა ჩამარტყა, მერე მეორედ რომ მოიქნია, ბავშვი გადამეფარა და მას მოხვდა“, – ამბობს ასმათ აბაშიძე.

აბაშიძეების ოჯახმა რეაგირება თურქეთის საკონსულოს სთხოვა ბათუმში. „საკონსულოსგან ერთ რამეს ვითხოვთ, წესიერი გასვლა იყოს. მე შეიძლება არ გადავიდე, მაგრამ სხვა გადადის და სერიოზულ შეურაცხყოფას აყენებენ. უწმაწურ სიტყვებს იყენებენ, არ შეიძლება ასე, კანონი ყველა ქვეყნის მოქალაქისთვის კანონი უნდა იყოს“, – ამბობს თემურ აბაშიძე.
თურქეთის საკონსულოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ თემურ აბაშიძის ოჯახს სთხოვეს წერილობით მიმართვა და ამის შემდეგ საკონსულო საქმის შესწავლას დაიწყებს. კითხვაზე, მიუმართავთ თუ არა მსგავსი ტიპის საჩივრებით საქართველოს მოქალაქეებს აქამდე, თურქეთის საკონსულოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სიტყვიერი დაპირისპირების შემთხვევებზე მიუმართავთ, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქმე ფიზკურ დაპირისპირებას ეხება.






