ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჩინეთის 9 მოქალაქიდან, რომლებიც გუდაურიდან სპეციალურად კორონავირუსზე შესამოწმებლად თბილისში გადმოიყვანეს, მხოლოდ ორი რჩება კლინიკაში. გარდა ამისა, კლინიკაში რჩება საქართველოს ერთი მოქალაქეც, რომელიც ჩინეთიდან ჩამოვიდა და გრიპის ნიშნებით ექიმთან თავად მივიდა.
გამყრელიძის თქმით, ჩინეთის ორ მოქალაქეს კორონავირუსის მთავარი კლინიკური გამოვლინება – ფილტვების ანთება არ დაუდგინდათ:
“რენტგენოლოგიური კვლევა ჩაუტარდა ორ ბავშვს და 24 წლის ქართველ მამაკაცს და არც ერთს პნევმონია რენტგენოლოგიურად არ აღმოაჩნდა, ანუ ფილტვების ანთება, რომელიც არის კორონავირრუსის ძირითადი კლინიკური გამოვლინება, არ დაუდგინდათ. გარდა ამისა, ბავშვებს ხახიდან აღებულ ნაცხში აღმოაჩნდათ ა ტიპის ვირუსი, ასე რომ, დიდი ალბათობით, ბავშვებს გრიპის “ა” ტიპი აქვთ და არა კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია. რაც შეეხება 24 წლის ქართველ მამაკაცს, იქ გრიპის ვირუსი ვერ გამოვლინდა და გრძელდება გამოკვლევა სხვა ვირუსებზე. საქართველოში ახალ კორონავირუსზე პირდაპირ ტესტირებას ვერ აკეთებენ, ამიტომ მივდივართ გამორიცხვის მეთოდით, უნდა გამოვრიცხოთ 20-მდე სხვადასხვა გამომწვევი, რასაც დრო სჭირდება”, – განმარტავს ცერცვაძე.