ახალი ამბები

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები” მაჩალიკაშვილის საქმეზე კომისიის შემქნას ემხრობიან

30 იანვარი, 2020 •
ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები” მაჩალიკაშვილის საქმეზე კომისიის შემქნას ემხრობიან

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები” აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს ნებისმიერ პროცესს, დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ჩათვლით, “თუ შედეგად, ჩვენი საზოგადოება მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით”.

დეპუტატების თქმით, ღია, გამჭირვალე პროცესით პასუხი უნდა გაეცეს მნიშვნელოვან კითხვებს.

“პირველ რიგში, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, იყო თუ არა მაჩალიკაშვილების ოჯახის რომელიმე წევრი კავშირში ტერორისტულ ორგანიზაციებთან ან ჯგუფებთან, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ინფორმაციით, გახდა სპეცოპერაციის საფუძველი. ვფიქრობთ, რომ სუს-ის ხელთ არსებული მასალების გასაჯაროება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აღნიშნულზე პასუხის გაცემას. კვლავაც რჩება კითხვები სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რომელიც მაჩალიკაშვილების ოჯახის ტრაგედიით დასრულდა და რომლის საგამოძიებო პროცესი კონკრეტული შედეგის გარეშე დაიხურა. სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად და საზოგადოებისათვის სრული ინფორმაციის მისაწოდებლად, მხარს დავუჭერთ ნებისმიერ ფორმატში საქმის მასალების გასაჯაროების პროცესს, მათ შორის საგამოძიებო კომისიის შექმნას, თუკი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში გაიმართება კენჭისყრა”, – ნათქვამია გაცხადებაში.

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრები არიან: მარიამ ჯაში, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, ლევან კობერიძე, კობა ნარჩემაშვილი და გედევან ფოფხაძე.


პროკურატურამ თერმირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. გამოძიება ამ საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

“ერთიან ნაციონალური მოძრაობას” პარლამენტში ინიცირებული აქვს დადგენილების პროექტი “2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე”. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის ერთი მესამედი, ე.ი. 50 დეპუტატის მხარდაჭერით. გადაწყვეტილების მიღებისას მოწინააღმდეგეთა ხმები მხედველობაში არ მიიღება. ამჟამად პარლამენტში 54 დეპუტატია, რომელიც უმრავლესობის მიღმა პლატფორმაზე პოზიციონირებს, “პატრიოტთა ალიანსისა” და “ქართული ოცნებიდან” გასული დამოუკიდებელი დეპუტატების ჩათვლით.

ამავე თემაზე:

ჩუგოშვილი ამ მოწვევის პარლამენტში მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს

მასალების გადაბეჭდვის წესი