ახალი ამბები

რას ითვალისწინებს შშმ პირთა უფლებების შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი

31 იანვარი, 2020 •
რას ითვალისწინებს შშმ პირთა უფლებების შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი

მთავრობამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონპროეტი დაამტკიცა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი შშმ პირთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად საკანონმდებლო გარანტიების შექმნაა. სამინისტროს ცნობითვე, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში საჯარო უწყებები ვალდებული იქნებიან, მათ მიერ შეთავაზებული ყველა სახის მომსახურეობა შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამავე დროს ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ვალდებული იქნებიან, ხელი შეუწყონ შშმ პირთა ისეთი ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებშიც შშმ პირები თავად იღებენ გადაწყვეტილებებს.

“კანონპროექტით გათვალისწინებულია ვალდებულება გარემოს შშმ პირთა საჭიროებების შესაბამისად ადაპტაციის შესახებ. ქვეყანაში არსებული შენობა-ნაგებობების შშმ პირთა საჭიროებებზე მორგება ეტაპობრივად, 15-წლიან ვადაში უნდა განხორციელდეს, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც შენობის ადაპტირება შეუძლებელია ობიექტური (ტექნიკური) მიზეზების გამო, სახელმწიფომ უნდა გამონახოს ალტერნატიული გზები შშმ პირთათვის ამ ინფრასტრუქტურის სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ახალი ნაგებობები კი, რასაკვირველია, თავიდანვე უნდა იყოს ხელმისაწვდომი და შესაბამის საჭიროებებზე მისადაგებული.

ახალი კანონის მნიშვნელოვანი სიახლე იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის განსაზღვრისას სამედიცინო მიდგომიდან ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე გადასვლა. ეს არის მიდგომა, რომლის დროსაც პირისათვის მისანიჭებელი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი და მისი ხარისხი, სამედიცინო ჩვენებასთან ერთად, მისი რეალური საჭიროებების შეფასების საფუძველზე განისაზღვრება. ამავე პრინციპით დადგინდება შესაბამისი სოციალური დაცვის გარანტიების მოცულობაც.

საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს რეგულაციებს იმისათვის, რომ შშმ პირებისათვის სრულად იქნეს უზრუნველყოფილი სამართალწარმოების ხელმისაწვდომობა. ამისათვის იქმნება სპეციალური მოსარჩელის ინსტიტუტი. ამ სტატუსის მქონე ორგანიზაციები შშმ პირთა უფლებების დაცვას სასამართლოში ყოველგვარი ბარიერისა და დამატებითი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე შეძლებენ”,-აცხადებენ სამინისტროში.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, მოსარჩელის სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები, ანუ ისინი, ვისაც შშმ პირთა უფლებების დაცვის სფეროში სასამართლო დაცვის გამოცდილება აქვთ, შეძლებენ, შშმ პირების ნაცვლად იდავონ სასამრთლოში.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში 15- წლიანი სამთავრობო სტრატეგია შემუშავდება. ამ სტრატეგიის საფუძველზე სახელმწიფო უწყებებმა უნდა შეიმუშაონ სამოქმედო გეგმები და განახორციელონ ყველა საჭირო ღონისძიება ამავე პერიოდში საკუთარი ვალდებულებების სრულად შესასრულებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი