საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, “საქართველოს უბრალოდ არ აქვს უფლება, დაკარგოს ამერიკის მხარდაჭერა, რადგან ეს ქართული სახელმწიფოს სიკვდილის ტოლფასი იქნება”.
მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც ეხმაურება ამერიკელი სენატორების, რიშისა და შაჰინის მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის მიწერილ წერილს.
“ძალიან ბევრი წერილი მოვიდა ამერიკის კონგრესიდან, მაგრამ დღევანდელი წერილი სენატორი რიშის და სენატორი შაჰინის ძალინ მძიმე საბრალდებო დასკვნაა ივანიშვილის რეჟიმისთვის. ეს არის ორი ძალიან ცნობილი, ძალიან წესიერი, საერთაშორისო არენაზე ძალიან დიდი ავტორიტეტის მქონე ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწე, რომლებმაც ძალიან ზუსტი დიაგნოზი დაუსვეს იმას, თუ რა ხდება საქართველოში”, – განაცხადა სააკაშვილმა.
ექს-პრეზიდენტის თქმით, სენატორები სიამაყით იხსენებენ 2012 წელს ჩატარებულ დმეოკრატიულ არჩევნებს და ლაპარაკობენ იმ რეპრესიებზე და უსამართლობაზე, რომელიც ახლა ხდება.
“ამაზე რაღას იტყვიან ივანიშვილის გოშიები, რომ ესენიც ვიღაცამ მოისყიდა და ესენიც ვიღაცის ლობისტები არიან? პრაქტიკულად, საქართველო კარგავს აშშ-ის მხარდაჭერას. ამ მხარდაჭერის შედეგად გადარჩა ქართული სახელმწიფოებრიობა 2008 წელს. ჩვენ არ შეგვიძლია ამის დაშვება. ამიტომ საერთაშორისო თანამეგობრობა არის ჩვენს მხარეს, ივანიშვილი ბოლომდე გაკოტრებულია, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი არის ქართველი ხალხის გასაკეთებელი. ჩვენ აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ საქართველოს გამოხსნის საქმეს”, – ამბობს სააკაშვილი.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში და ევროპის ქვეკომიტეტის უმცირესობის დემოკრატი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს მთავრობას წერილით მიმართავენ.
წერილში,კომიტეტის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ საარჩევნო რეფორმის დაპირების უკან წაღების, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების გახსნის და პროტესტის ჩახშობის თაობაზე. სენატორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, დაიცვას დემოკრატიული პრინციპები დაიცვას და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა გადაიხედოს.
მანამდე გახარიას კრიტიკული წერილები მისწერეს სენატორმა როჯერ ვიკერმა და კონგრესმენებმა.