მიუხედავად მომხდარისა, მისი თქმით, საქართველოს სამომავლოდ კვლავ ექნება შანსი, რომ დიდ საფეხბურთო ღონისძიებებს უმასპინძლოს:
“ქვეყანა უნდა იყოს მზად, დაწყებული მძღოლისგან, ფედერაციით დამთავრებული, ყველა უნდა ვიყოთ მზად იმ ღონისძიებისთვის, რომელიც ტარდება”, – თქვა სიჭინავამ.

მისი განცხადებით, სუპერთასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზე, მათ შორის biletebi.ge-ს თემაზე გადაწყვეტილება საქართველოში უეფას დელეგატმა მიიღო. სიჭინავას თქმით, მას შემდეგ, რაც ბილეთების რეალიზაციის საკითხი გადაწყდება, იგი აპირებს დაინტერესდეს, რამდენად კარგად არის ორგანიზებული სუპერთასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
“მე მაქვს ეჭვები და როცა ბილეთების ამბავს მოვრჩები, აუცილებლად მინდა გავიგო, ვინ არის სატრანსპორტო კომპანია, რომელიც შერჩეულ იქნა, მინდა გავიგო, ვინ ემსახურება VIP-ს, ვინ არის კომპანია, რომელიც გაყიდის წყალს, ლუდს და კოკა კოლას [სტადიონზე], ჩვენ უნდა ჩავერთოთ. ამაში ჩარევის უფლება არ გვქონდა, მაგრამ რადგანაც არსებობს [პრობლემის] პრეცედენტი, მე უკვე ვალდებული ვარ სხვადასხვა მიმართულება დავაყენო უეფასთან. ფედერაცია სამ სატრანსპორტო კომპანიასთან მუშაობს, თუმცა არც ერთი არ იქნა არჩეული… შერჩეულია ახალი კომპანია, რამდენად მზად არის ის კომპანია, რა რაოდენობის ავტობუსებია, რა ხარისხის, როგორი კვება იქნება, ყველაფერი მაინტერესებს. მე მეგონა, რომ უეფა თვითონ აგვარებდა ამას და დელეგატმა ამოირჩია საუკეთესოები, თუმცა, სამწუხაროდ, მოხდა ეს პრობლემა. ხვალიდან ფედერაცია ჩაერთვება”, – განაცხადა სიჭინავამ.
მოყოლებული 09:00 საათიდან ვირტუალურ რიგში საიტზე biletebi.ge დაახლოებით 160 ათასი ადამიანი იდგა, თუმცა მხოლოდ 2000 ბილეთი გაიყიდა და ხარვეზების გამო რეალიზაცია შეწყდა. სფფ-ს პრეზიდენტის განცხადებით, დარჩენილი 22 000 ბილეთი სალაროებში გაიყიდება. დამატებითი ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი.