“დღის განმავლობაში არსებული ტექნიკური ხარვეზების გამო, კერძოდ, რიგის მართვის არასწორი მუშაობით, მივიღეთ გადაწყვეტილება შეწყდეს ინტერნეტ გაყიდვები. ველოდებით უეფას პასუხს. გიხდით ბოდიშს…”, – აცხადებენ საიტის ადმინისტრაციაში.
მოყოლებული 09:00 საათიდან ვირტუალურ რიგში საიტზე დაახლოებით 160 ათასი ადამიანი იდგა. სფფ-ს პრეზიდენტის განცხადებით, ბილეთები სალაროებში გაიყიდება. როგორც მან რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, დამატებითი ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი.
მისივე თქმით, ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა, რადგან ბოლო წლებში უეფას ამ დონის მატჩის ბილეთები სალაროებში არ გაუყიდიათ და მხოლოდ ონლაინ ახდენდა მის რეალიზაციას.
სიჭინავას თქმით, იმ ადამიანებს, რომლებსაც ბილეთები ონლაინ უკვე ნაყიდი აქვთ, არ დაეკარგებათ.
საქართველოს მოქალაქეებისათვის სულ 24 ათასი ბილეთი იყო გათვალისწინებული, უცხოელებისთვის – 6000 ცალი. როგორ გაიყიდება უცხოელებისთვის განკუთვნილი ბილეთები, ჯერ უცნობია.