კვლევა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, UNCHR–ის ცნობით, 2014 წლის ოქტომბერ-დეკემბერში თბილისსა და საქართველოს 10 რეგიონში 2 001 იძულებით გადაადგილებული პირი გამოკითხეს; კვლევამ აღრიცხა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ყველა რაიონიდან იძულებით გადაადგილებული პირი, რომელიც ამჟამად სხვადასხვა საბინაო პირობებში: კოლექტიურ ცენტრებში, კოტეჯური ტიპის დასახლებებსა და კერძო სახლებში ცხოვრობს.
UNCHR–ის ინფორმაციით, გამოკითხულთა 88.3%-ს სურს დაუბრუნდეს თავისი წარმოშობის ადგილას, თუ ამის შესაძლებლობა და მათთვის მისაღები პირობები ექნებათ. გამოკითხულ იძულებით გადაადგილებულ პირთა 2.6%-მა აღნიშნა, რომ მზად არიან ნებაყოფლობით დაბრუნდნენ მოცემული გარემოებების პირობებშიც.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ნებაყოფლობით დაბრუნების სურვილის მთავარ მიზეზებად ემოციური კავშირი, ქონება და ნათესავებისა და მეგობრების საფლავების მონახულება დასახელდა.
კვლევის შედეგების თანახმად, რესპონდენტების უმრავლესობა (57.3%) თავს სრულიად ინტეგრირებულად გრძნობს იქ, სადაც ამჟამად ცხოვრობს. მესამედი (33.3%) თავს ნაწილობრივ ინტეგრირებულად გრძნობს, ხოლო 8.3% ფიქრობს, რომ არ არის ინტეგრირებული.
“თბილისში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებში აღინიშნება ინტეგრაციის უფრო მაღალი დონე, ვიდრე სოფლად მაცხოვრებელთა შორის. როგორც წესი, იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციას ქალაქებში უფრო მეტი ხელშეწყობა აქვს, ვიდრე სოფლებში,”– ნათქვამია UNCHR–ის განცხადებაში.
რაც შეეხება ქონებას, კვლევის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების ნახევარს (50.9%) საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საკუთრებაში არ გააჩნია სახლი, ბინა ან მიწის ნაკვეთი. იძულებით გადაადგილებულთა 57.1%-ს არ სურს ამჟამინდელი საცხოვრებლიდან ახალ ადგილას განსახლება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ასევე აღნიშნულია, რომ მათ, ვისაც სურს საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა, ამჯობინებს დიდ ქალაქში ცხოვრებას; თბილისში მცხოვრებმა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა სხვა ადგილზე გადასვლის ყველაზე ნაკლები სურვილი გამოთქვეს.

„ნებისმიერი კონფლიქტიდან მრავალი წლის გასვლის შემდეგ ადამიანებს ყოველთვის უჭირთ გადაწყვეტილების მიღება ნებაყოფლობითი დაბრუნების შესახებ. კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანისთვის იოლად მისაღები გადაწყვეტილება არ არის. ქვეყნის შიგნით, თუ მის გარეთ გადაადგილებულ ადამიანებს მუდამ სჭირდებათ ზუსტი ინფორმაცია. მთავარი წინაპირობა გადაწყვეტილების მისაღებად დევნილობამდე საცხოვრებელ ტერიტორიაზე დაუბრკოლებელი გადაადგილების შესაძლებლობაა. ნებაყოფლობით დაბრუნების საკითხის განხილვისას მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ფაქტებსა და ადამიანთა საჭიროებებზე და არა თეორიულ მოსაზრებებსა და მითებზე. აგრეთვე მნიშვნელოვანია ყველას წუხილისა და პოტენციური შიშის გაგება, განსაკუთრებით დაზარალებული ადამიანების, და არა მხოლოდ მათი, ვინც გადაადგილებულია, არამედ იმ მასპინძელი საზოგადოებისაც, რომელშიც ზოგიერთი ადამიანი ნებაყოფლობით ისურვებდა დაბრუნებას,”– აცხადებს ვინსენტ კოშტელი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ევროპის ბიუროს დირექტორი.




