ახალი ამბები

შსს-ს ახალი კანონპროექტით ოდეერის ინსტიტუტი იცვლება

30 ივნისი, 2015 •
შსს-ს ახალი კანონპროექტით ოდეერის ინსტიტუტი იცვლება

შსს-ს კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტით, “თავისი ამოცანების შესასრულებლად სახელმწიფო სტრატეგიული დანიშნულების და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მქონე სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს სახელმწიფო წარმომადგენლობებში” უსაფრთხოების სამსახური უფლებამოსილი იყო უშიშროების საკითხებში ოფიცრები (ე.წ. ოდეერები) დაენიშნა, თუმცა დოკუმენტის ახალ ვარიანტში ეს ჩანაწერი უქმდება. ამ საკითხთან დაკავშირებით მთელი რიგი შენიშვნები ჰქონდათ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და პარლამენტის წევრებს. მაგალითად, ეს ჩანაწერი არ აზუსტებდა დროით ლიმიტებს ოფიცრების დანიშვნასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ოდეერი ამა თუ იმ უწყებაში მუდმივად შეიძლება მუშაობდეს, ასევე ბუნდოვანია ჩანაწერი: “სახელმწიფო სტრატეგიული დანიშნულების და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მქონე სახელმწიფო ორგანოები და დაწესებულებები”, რადგან მას კონკრეტული ინდიკატორი არ ესადაგება და უსაფრთხოების სამსახურს სუბიექტივიზმისთვის დიდ არეალს უტოვებს. ამასთან, არც უსაფრთხოების შესახებ ეს კონკრეტული კანონპროექტი და არც ზოგადად საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რას ნიშნავს, მაგალითად, დაწესებულება. ჩანაწერში ისიც არ არის ნათელი, მსაზღვრელი “სახელმწიფო” ორგანოებსა და დაწესებულებებს თანაბრად ესადაგება თუ მხოლოდ ორგანოებს. 

 

კანონპროექტში მოცემულია ახალი თავი, რომელიც იმ ორ საქმიანობას არეგულირებს, რისთვისაც შსს-ს მტკიცებით მათ ოდეერები სჭირდებოდათ. საუბარია სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის და სახელმწიფო უსაფრთხოების რეჟიმების დაცვაზე. ახალი კანონპროექტით, მთავრობის დადგენილებით უნდა განისაზღვროს იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც შსს-ს მსგავსი ტიპის საქმიანობის განხორციელება დასჭირდება. კანონპროექტი კვლავ ტოვებს იმის საშაულებას, რომ დაწესებულებაში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იქნა მივლენილი, თუმცა ეს დაწესებულებასა და უსაფრთხოების სამსახურს შორის კონტრაქტით უნდა დარეგულირდეს და ამასთან ჩანაწერს წინ უსწრებს მსაზღვრელი “შესაძლოა”.

სახელმწიფო საიდუმლოებისა რეჟიმის დაცვა

კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მიზნით სამსახური უფლებამოსილია: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ღონისძიებათა შემუშავებასა და რეალიზაციაში, განახორციელოს კონტროლი მათ შესრულებაზე იმ ორგანიზაციებში, დაწესებულებებსა და საწარმოებში (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა), სადაც წარმოებს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობა; შეამოწმოს პირი სახელმწიფო საიდუმლოებასთან დასაშვებად; სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ორგანიზაციებში, დაწესებულებებსა და საწარმოებში (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა), განახორციელოს კავშირგაბმულობისა და ინფორმატიკის იმ ელექტრონული საშუალებების კონტროლი, რომლებიც გამოიყენება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შესაქმნელად, დასამუშავებლად, შესანახად და გასაგზავნად.

ასევე,  უსაფრთხოების სამსახურის კანონპროექტით უფლებამოსილია შეამოწმოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრვი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის წარმოების უფლების მისაცემად სათანადო ნებართვის გაფორმებისათვის.

სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გასაიდუმლოებისა და დაცვის ღონისძიებები ფინანსდება სახელმწიფო ორგანოს, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა) ბიუჯეტიდან ან/და სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულების დამკვეთთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების რეჟიმის დაცვა

კანონპროექტში ასევე წერია, რომ უსაფრთხოების სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მიზნით უფლებამოსილია: დაადგინოს სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის რეჟიმი საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებში მათი სპეციფიკის გათვალისწინებით, გაუწიოს მათ სათანადო კონსულტაცია სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის საკითხებთან.

ასევე უწყება უფლებამოსილი იქნება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში ინფორმაციის ურთიერთგაცვლის წესის შესაბამისად შექმნას სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტთან ინფორმაციის ურთიერთგაცვლის ეფექტიანი სისტემა; სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში განახორციელოს სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები; სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიქტებში განახორციელოს სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის კონტროლი და დარღვევების ან სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე საფრთხეების გამოვლენის შემთხვევაში მისცეს მათ შესასრულებლად სავალდებულო მითითებები; სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებთან გააფორმოს ამ მუხლით განსაზღვრული ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები.

კანონპროექტით, სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის რეჟიმი არის შესასრულებლად სავალდებულო დოკუმენტი, რომლითაც განისაზღრება: სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის უზრუნველყოფისთვის საჭირო ღონისძიებათა ნუსხა; სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური პირობები, მათ შორის, ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები, საჭირო მოწყობილობები და აღჭურვილობა; სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭირო მოსამსახურეთა მინიმალური რაოდენობა, მათი აუცილებელი განლაგების ადგილები და მუშაობის განრიგი (მათ შორის, ცვლათა რაოდენობა და სხვ.); სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებში იმ თანამდებობათა ჩამონათვალი, რომელ თანამდებობებზეც დანიშვნა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისათვის საჭიროებს სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად პირის სპეციალურ შემოწმებას და სამსახურთან შეთანხმებას; სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებში სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესრულების მონიტორინგის წესი და პირობები.

 

ასევე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს: სამსახურსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის სახეები და ფარგლები, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესრულების მონიტორინგის მიზნით სამსახურის წარმომადგენელის დანიშვნის საკითხი; სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის რეჟიმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებისთვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურების საკითხები.

კანონპროექტით სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტი ვალდებულია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს სახელმწიფო უსაფრთხოების რეჟიმით განსაზღვრული პირობების დაცვა და შესრულება.

მასალების გადაბეჭდვის წესი