ახალი ამბები

საქართველო ვუჰანიდან მოქალაქეების ევაკუაციას სხვა ქვეყნებთან ერთად გეგმავს

28 იანვარი, 2020 • 766
საქართველო ვუჰანიდან მოქალაქეების ევაკუაციას სხვა ქვეყნებთან ერთად გეგმავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ სახელმწიფო გეგმავს ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან საქართველოს 5 მოქალაქის ევაკუაციას.

როგორც გამყრელიძე ამბობს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთან, რომლებსაც საქართველოს მსგავსად ვუჰანიდან საკუთარი მოქალაქეების გამოყვანა სურთ. გამყრელიძის თქმით, საქართველოს 5 მოქალაქეს, სავარაუდოდ, მათთან ერთად წამოიყვანენ.

“მოგეხსენებათ, ჩინეთში, კერძოდ ქალაქ ვუჰანში, ეპიდემიური სიტუაცია უარესდება. ამიტომ დღევანდელი შეხვედრის განხილვის მთავარი თემა საქართველოს 5 მოქალაქე იყო. რამდენიმე ქვეყანამ უკვე განაცხადა, თუმცა თავისი მოქალაქეების ევაკუაცია ჯერ არცერთ ქვეყანას არ განუხორციელებია – არც საფრანგეთს, არც აშშ-ს, არც გერმანიას. ყველა შესაბამის გეგმაზე მუშაობს და ეს გეგმა ჩინეთის მთავრობასთან თანხმდება, რადგან მათ საკუთარი რეგულაციები აქვთ. თან, მოგეხსენებათ, ქალაქში კარანტიანია”, – ამბობს გამყრელიძე.

გამყრელიძე, ასევე, ამბობს, რომ ევაკუაცია ნებაყოფლობითი იქნება, ანუ ვუჰანს დატოვებენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც ამის სურვილი ექნებათ.

“საქართველო რამდენიმე პარტნიორ ქვეყანასთან მუშაობს, რომ ევაკუაცია მათთან ერთად მოხდეს. ანუ ჩვენ ვმუშაობთ დიდ ქვეყნებთან, რომლებსაც ათასობით მოქალაქე ჰყავთ იქ და მათ გამოყვანას აპირებენ. დგება გეგმა, რომ ეს 5 ადამიანი ამ ქვეყნებთან ერთად გამოვიყვანოთ. ეს მოლაპარაკებები დიპლომატიური არხებით მომდინარეობს და მათი დასრულება დამოკიდებულია ჩინეთის ხელისუფლებაზე, როდის მისცემენ იმ დიდ ქვეყნებს უფლებას მოქალაქეების გამოყვანაზე”, – აცხადებს გამყრელიძე.

ჩინეთში კორონავირუსის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, 2700-ზე მეტი კი ინფიცირებულია. ჩინეთის გარდა ვირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის, გერმანიაში, საფრანგეთში, აშშ-სა და კანადაში.

საქართველოში უკვე მიღებულია სხვადასხვა ზომები – აეროპორტში ჩამოსული მგაზვრები ვირუსზე მოწმდებიან, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ამჟამად საფრთხე არ ემუქრებათ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად,  2019-nCov სახელწოდების ვირუსი აქამდე არ გამოვლენილა ადამიანებში.

  • აღნიშნული ვირუსი არის კონორავირუსების ოჯახის მეშვიდე წარმომადგენელი;
    მანამდე მსოფლიოში გავრცელებული იყო მხოლოდ 6 სახეობა, რომლითაც ადამიანები ავადდებოდნენ;
  • მეცნიერების აზრით, ვირუსის გავრცელების მთავარი წყარო, დიდი ალბათობით, ცხოველია, თუმცა დაფიქსირდა ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ფაქტებიც;
  • ინფექცია ვლინდება რესპირატორული სიმპტომების სახით, ცხელებით, ხველით, ქოშინით და სუნთქვის გაძნელებით;
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ვირუსის პრევენციის მიზნით უნდა მოვერიდოთ ცხოველებთან “დაუცველ” კონტაქტს, ხორცისა და კვერცხის მომზადებისას ყურადღება მივაქციოთ, რომ ორივე მათგანი კარგად იყოს მომზადებული და მოვერიდოთ ახლო კონტაქტს იმ ადამიანებთან, ვისაც გაციების ან გრიპის სიმპტომები აღენიშნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი