“მინდა მოგილოცოთ. თქვენმა ონლაინგამოცემამ, netgazeti.ge-მ პრესის პრიზი მიიღო ნორვეგიაში. მე და ჩემი მეუღლე ნორვეგიაში ვცხოვრობდით და ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ნორვეგიაში ეს ჯილდო. ასეთი ჯილდოს მოპოვება დიდი წარმატებაა და გილოცავთ“ – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა გაზეთ ბათუმელებისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

24 ივნისს ნეტგაზეთს ნორვეგიის „გამოხატვის თავისუფლების ფონდისა“ (Institusjonen Fritt Ord) და გერმანულ ფონდ „ცაიტის“ (Zeit-Stiftung) მიერ დაწესებული პრესის პრიზი გადაეცა.
დაჯილდოების ცერემონია ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, ნობელის ინსტიტუტში გაიმართა.
2015 წელს რუსეთში, საქართველოსა და უკრაინაში სულ დაჯილდოვდა 6 ჟურნალისტი და მედიასაშუალება”, რომლებიც “ცაიტისა” და ნორვეგიის გამოხატვის თავისუფლების ფონდის განცხადებით, “ცენზურასა და რეპრესიებს არ უშინდებიან”.
ნეტგაზეთთან ერთად 2015 წელს ჯილდო მიიღეს ყოველკვირეულმა გაზეთმა “Pskovskaya Guberniya” (რუსეთი), ჟურნალისტმა გალინა ტიმჩენკომ (რუსეთი), საინფორმაციო სააგენტომ – Slidstvo.Info (უკრაინა), ასევე ჟურნალისტებმა: ვალენტინა სამარმა (უკრაინა) და სერგეი ჰარმაშმა (უკრაინა). დასახელებული ჟურნალისტებს 10-10 ათას ევრო, ხოლო მედიასაშუალებებს 15-15 ათას ევრო გადაეცემათ.
“ონლაინ-გამოცემა ნეტგაზეთი მიიღებს 15 ათას ევროს. პოლიტიკურად დამოუკიდებელი ნიუს და მულტიმედია პორტალი სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში მცხოვრები მუსლიმების და ქალების უფლებების დარღვევეის დეტალებს, ასევე ჰომოფობიის საკითხებს აშუქებდა. ნეტგაზეთი ნაციონალურ დონეზე სოციალური პრობლემების გაშუქების ფართო სპექტრს სთავაზობდა მკითხველს, ხოლო რაც შეეხება საერთაშორისო ამბებს, გამოცემამ თავის მკითხველებს რუსეთისა და უკრაინის კონფლიქტის შესახებ ინფორმაციის მიღების კარგი პლატფორმა შესთავაზა”, – ვკითხულობთ ჯილდოს ორგანიზატორთა განცხადებაში.
პრიზის მისაღებად ნომინაციაზე ნეტგაზეთი საქართველოში გერმანიის საელჩომ და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისმა წარადგინა. ზემოხსენებული ყოველწლიური პრიზით რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში მომუშავე ჟურნალისტები და მედიასაშუალებები ჯილდოვდებიან.
2010 წელს ზემოხსენებული ჯილდო საქართველოდან ჟურნალმა “ლიბერალმა” მიიღო, ხოლო 2009 წელს- გაზეთმა “ბათუმელებმა”. ნეტგაზეთი გაზეთ “ბათუმელების” ონლაინ-გამოცემაა.





