ახალი ამბები

არასამთავრობოები ალიევის სკვერში აქციის მოწინააღმდეგე პოლიციელების დასჯას მოითხოვენ

29 ივნისი, 2015 •
არასამთავრობოები ალიევის სკვერში აქციის მოწინააღმდეგე პოლიციელების დასჯას მოითხოვენ

“12 ივნისს თბილისში თხუთმეტამდე მშვიდობიან აქტივისტს ჰეიდარ ალიევის სკვერი პოლიციელებით შემოსაზღვრული დახვდათ და შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ. ეს მაშინ, როცა სკვერში სხვა მოქალაქეებისთვის შესვლა დაშვებული იყო. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა აქციის გამართვა არ არღვევდა არც კონსტიტუციას და არც საქართველოს კანონს „შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ“. მსგავსი აქციის გამართვას არ სჭირდებოდა სპეციალური ნებართვა.


მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, პოლიციელებმა არ განმარტეს, რა სამართლებრივი საფუძვლით არ აძლევდნენ შესაძლებლობას აქტივისტებს, შესულიყვნენ სკვერში აქციის გასამართად. ერთადერთ მიზეზად ასახელებდნენ სხვა ღონისძიებას, რომელიც მოცემულ ადგილას უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ რეალურად არც ეს აღმოჩნდა უტყუარი ინფორმაცია. შესაბამისად, აქციის ორგანიზატორებს უსაფუძვლოდ აეკრძალათ სკვერში აქციის გამართვა. საბოლოოდ პოლიციამ ისინი აიძულა, სხვა ადგილას (სკვერის მოპირდაპირე მხარეს) გადასულიყვნენ”, – აცხადებენ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები. 


არასამთავრობოების ცნობით, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი სამართალდამცავი ორგანოს ზოგიერთი თანამშრომელი აქციის მსვლელობისას ცდილობდა მშვიდობიანი აქტივისტების პროვოცირებას და გამოწვევას.


“აქციის დასრულების შემდეგ კი უკან გაჰყვნენ აქტივისტებს, რითაც კიდევ ერთხელ შეზღუდეს კონსტიტუციით გათვალისწინებული თავისუფალი გადაადგილების უფლება. 


თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და წევრი ორგანიზაციები აღშფოთებულები არიან შეკრებისა და აზრის გამოხატვის ფუნდამენტური უფლების დარღვევის გამო”, – აცხადებენ არასამთავრობოები. 


ისინი მიმართავენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობას და პარლამენტს შესაბამისი რეაგირებისთვის და მოითხოვენ:

  • დაუყოვნებლივ შეისწავლონ ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა ქმედებები შესაძლო დანაშაულის თუ დისციპლინური დარღვევების იდენტიფიცირების მიზნით;  მათი გამოვლენის შემთხვევაში, განხორციელდეს შესაბამისი რეაგირება; 
  • თუკი გამოვლინდება, რომ პოლიციელები მოქმედებდნენ ზემდგომი პირების დავალებით, შეისწავლონ აღნიშნულის შესაბამისობა კანონთან და ზემდგომი პირების მიმართ გამოიყენონ კანონით გათვალისწინებული ზომები; 
  • გაატარონ პრევენციული ზომები მომავალში პოლიციელთა მხრიდან შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ხელშეშლის აღსაკვეთად.

აქციის მონაწილეები ჰეიდარი ალიევის სკვერში არ შეუშვეს, ლევან ასათიანის ფოტო, 12.06.2015
აქციის მონაწილეები ჰეიდარი ალიევის სკვერში არ შეუშვეს, ლევან ასათიანის ფოტო, 12.06.2015

 

მასალების გადაბეჭდვის წესი