შესაბამისი შინაარსის შეტყობინება მაგთის აბონენტებმა კომპანიისგან 27 ივნისს მიიღეს. კომპანიის შეტყობინებაში ასევე აღნიშნულია, რომ აბონენტს ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას სარეკლამო შეტყობინების მიღებაზე, რისთვისაც მან რეკლამის კონკრეტული გამგზავნის დასახელება მოკლე ტექსტური შეტყობინებით უნდა გააგზავნოს ნომერზე 91521.
ნეტგაზეთმა მაგთიკომს მიმართა შეკითხვებით, სულ რამდენი ასეთი პარტნიორი ორგანიზაციისაგან მიიღებენ აბონენტები სარეკლამო შეტყობინებებს? ასევე, ამ სარეკლამო სმს-ებზე იქნება თუ არა აღნიშნული, რომ ეს კომპანიები მაგთის პარტნიორები არიან და სწორედ ამ გზით მოიპოვეს აბონენტების სატელეფონო ნომრები, რა ტიპის ორგანიზაციებზეა საუბარი, მხოლოდ კერძო სექტორის წარმომადგენლებზე თუ სახელმწიფოზეც? – მას შემდეგ, რაც მაგთიკომის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ამ შეკითხვებს უპასუხებს, ნეტგაზეთის მას გამოაქვეყნებს.
ჩვენ გუშინ 28 ივნისს დავუკავშირდით პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატსაც, რომელმაც დღეს ასეთი განცხადება გაავრცელა:
“დღეს ინსპექტორმა “მაგთიკომისგან” ინფორმაცია გამოითხოვა, მათ შორის მოითხოვა აბონენტებთან გაფორმებული სტანდარტული ხელშეკრულების და პარტნიორ ორგანიზაციებთან დადებული შეთანხმების ასლები.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, აქვთ თუ არა აბონენტებს ხელშეკრულების აღნიშნულ პირობაზე უარის თქმის შესაძლებლობა. ხოლო თუ აბონენტი თანხმობას განაცხადებს, შეძლებს თუ არა მოგვიანებით უარი თქვას არა მხოლოდ კონკრეტულ შეთავაზებაზე, არამედ “მაგთიკომის” ყველა პარტნიორის სარეკლამო შეთავაზებაზე. ასევე საინტერესოა, რა ფორმით შეძლებს აბონენტი პარტნიორი ორგანიზაციების ჩამონათვალის გაცნობას. კომპანიისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შემდეგ შევძლებთ უფრო დეტალური კომენტარის გაკეთებას” – აღნიშნა თამარ ქალდანმა.
2014 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს საშუალება აქვთ კომპანიებს გამარტივებული ფორმით, ნებისმიერ დროს, მოსთხოვონ მათი მონაცემების გამოყენების შეწყვეტა, ანუ მათთვის არასასურველი სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა. იმავე წლის 1 ნოემბრიდან პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს კერძო სექტორის მიერ მოქალაქეების პირადი მონაცემების დამუშავების კანონიერებაზე კონტროლის უფლებამოსილება მიენიჭა, მათ შორის საუბარია არასასურველი სარეკლამო SMS-ების რეგულირებაზეც.