ახალი ამბები

შსს-მ ჯგუფური თაღლითობის ბრალდებით ცოლ-ქმარი დააკავა

29 ივნისი, 2015 • • 994
შსს-მ ჯგუფური თაღლითობის ბრალდებით ცოლ-ქმარი დააკავა

გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა დააფუძნეს შპს „საქართველოს შესყიდვები“, ვებ-გვერდ „myauto.ge“-ზე განთავსებული განცხადებებით პოულობდნენ გასაყიდად გამოტანილ სასურველ ავტომანქანებს, ავტომანქანების მესაკუთრეებს უკავშირდებოდნენ და ეცნობოდნენ, როგორც სახელმწიფო შესყიდვების წარმომადგენლები.

 

პოლიციის ცნობით, ბრალდებულები თითქოს ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობდნენ და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისთვის ავტომანქანების შესყიდვას აწარმოებდნენ.

 

მ. გ. ავტომანქანების მესაკუთრეებთან ხელშეკრულებებს აფორმებდა, რომელთა თანახმად, ვალდებულებას იღებდა, თითქოსდა თხუთმეტი სამუშაო დღის ვადაში მათთვის უნდა ჩაერიცხა ავტომანქანის ღირებულება და ხელშეკრულების ხელის მოწერისთანავე მანქანებს იფორმებდა შპს „საქართველოს შესყიდვების“ სახელზე.

 

შსს-ს ცნობით, დაკავებულები ავტომანქანებს გადაფორმებისთანავე ღირებულების ნახევარ ფასად ასხვისებდნენ სხვადასხვა ლომბარდსა და ფიზიკურ პირებზე, ხოლო მიღებულ თანხებს ეუფლებოდნენ და მანქანების მესაკუთრეებს კუთვნილ თანხებს არ ურიცხავდნენ.

 

აღნიშნული სქემით ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ ხუთი მოქალაქის კუთვნილ ავტომანქანებს, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 132 400 აშშ დოლარს შეადგენს, აცხადებს შსს.

სამართალდამცველების ცნობით, რომ პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას თაღლითურად დაუფლებული თანხის ნაწილი – 9785 ამერიკული დოლარი, 1660 ლარი და ოთხი ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. 

 

პოლიციის ცნობით, ვ. ბ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

მასალების გადაბეჭდვის წესი