პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით ცვლილებები შედის კანონში “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ”. ცვლილებები ძირითადად კანონის 21-ე მუხლს შეეხება.
ამჟამად მოქმედი კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2015 წლის 1 ივლისამდე უნდა განსაზღვროს ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების განხორციელების მექანიზმები და უზრუნველყოს შესაბამისი სოციალური მუშაკების მომზადება (სერტიფიცირება).
ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობას 1 ივლისამდე უნდა მოეგვარებინა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის დროებითი საცხოვრებლების საკითხები და მოემზადებინა სოციალური მუშაკები. კანონპროექტით ამის ვალდებულება მთავრობას 2 წლის შემდეგ ექნება – 2017 წლის 1 სექტემბრამდე.
ამავე კანონით საქართველოს მთავრობას 2015 წლის 1 ივლისამდე უნდა განესაზღვრა მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებები. ამჟამინდელი კანონპროექტით ეს მთავრობამ 2017 წლის 1 სექტემბრამდე უნდა გააკეთოს.
გარდა ამისა საქართველოს მთავრობას 2015 წლის 1 სექტემბრამდე უნდა უზრუნველყო მოძალადის მიერ გასავლელი, დამცავი ორდერით გათვალისწინებული ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის ორგანიზებისათვის საჭირო ღონისძიებები და განესაზღვრა ამ კურსის ორგანიზების უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო. კანონპროექტით ესეც 2017 წლამდე გადავადდება.
2017 წლამდე ასევე შეჩერდება კანონის მე-8 და მე-20 მუხლების ამოქმედება, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ავალდებულებს უზრუნველყოს სოციალურ მომსახურება ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისთვის, რაც მოიცავს როგორც ოჯახური დავების მიზეზების შესწავლას, შესაბამის ანალიზს და დავების დაძლევაში ოჯახის წევრთა დახმარებას, ასევე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერისა და თანადგომის ღონისძიებების განხორციელებას, დამცავი ორდერის გაცემის პროცესში მონაწილეობას და მოძალადეთა და მსხვერპლთათვის დახმარებისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების ხელშეწყობას.
ამ კანონპროექტის ავტორია პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტი.
რატომ თვლის კომიტეტი, რომ ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული კანონის ეს მუხლები არა 2015 წლის 1 ივლისს, არამედ 2017 წლის 1 სექტემბრისთვის უნდა შესრულდეს?
კანონპროექტის ავტორები განმარტებით ბარათში მიუთითებენ, რომ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდა იყო აუცილებელი და ძალადობის საკითხებში მიზნობრივი პროფესიული სწავლების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. განმარტებითი ბარათის მიხედვით 2014 წლის ბოლოს მიიღეს გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის არსებული სოციალური მუშაკების 239 საშტატო ერთეულის 67 ერთეულით გაზრდისა და ძალადობის საკითხებში ყველა სოციალური მუშაკისთვის მიზნობრივი ტრენინგების ჩატარების შესახებ.
კანონპროექტის ავტორები USAID -ს ადანაშაულებენ იმაში, რომ სოციალური მუშაკებისთვის ტრენინგების მოდული ამ დრომდე შექმნილი არ არის:
“მიმდნარე წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ აშშ-ის განვითარების სააგენტოსთან [USAID] თანამშრომლობით დაიგეგმა ორწლიანი პროექტი. პროექტის სავარაუდო განმახორციელებლად მოაზრებული იქნა სსიპ ადამიანთა ვაჭრობის [ტრეფიკინგის] მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელწმიფო ფონდი. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში ოჯახში ძალადობის საკითხებში საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით განხორციელდება სატრენინგო მოდულის შექმნა, რომლის საფუძველზე მოხდება 15 სოციალური მუსაკის მომზადება ტრენერებად”.
განმარტებითი ბარათის მიხედვით პროექტი წარდგენილია აშშ-ის განვითარების სააგენტოში, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება USAID-ის მიერ ჭიანურდება შიდა პროცედურული რეგულაციების გამო.
კანონპროექტის ავტორებს განმარტებით ბარათში არაფერი აქვთ ნათქვამი, რატომ არ გაატარა ხელისუფლებამ შესაბამისი ღონისძიებები რამდენიმე წლის წინ მიღებულ კანონზე, რომელთა აღსრულებაც 2015 წლის 1 ივლისამდე ევალებოდათ.
2014 წელს საქართველოში, 11 თვის განმავლობაში, ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილია 19 მკვლელობა.

