სარგსიანის თქმით, კომპანია “ სომხეთის ელექტროქსელებში” ჩატარებული აუდიტის შედეგების მიღებამდე ქვეყნის მოსახლეობა მოხმარებულ ელექტროენერგიაზე გადასახადს ისევ ძველი ტარიფით გადაიხდის.
ქვეყნის ენერგოსისტემის უსაფრთხოებს პრობლემების განხილვის დროს სარგსიანმა განაცხადა, რომ “ტარიფების მომატებასთან დაკავშირებით სომხეთის მთავრობა სრულ დატვირთვას თავის თავზე აიღებს”. თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სარგსიანმა “შეშფოთება გამოთქვა ქვეყნის მთელ ენერგოსისტემასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ ტარიფები არ მოიმატებს”.
სარგსიანის წინადადება არ მიიღეს მრავალდღიანი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა.

საპროტესტო საინიციატივო ჯგუფის “არა ქურდობას” მონაწილემ ვაგინაკ შუშანიანმა ტრიბუნიდან განაცხადა, რომ მსგავს გადაწყვეტილებას ისინი გამარჯვებად არ თვლიან, ამიტომ განაგრძობენ ბრძოლას. დემონსტრანტების თქმით, მომიტინგეები აუდიტს ძალიან უმნიშვნელო ნაბიჯად მიიჩნევენ, ამიტომ მათ ბაგრამიანის გამზირი კვლავ გადაკეტილი ექნებათ, რადგან ხელისუფლებამ მათი მოთხოვნებიდან არც ერთი არ დააკმაყოფილა.
“ჩვენი ბრძოლა არ დამთავრდება, სანამ ჩვენს მოთხოვნებზე პასუხებს არ მივიღებთ”, განაცხადეს საპროტეტო მოძრაობის წევრებმა. მოედანზე გაჩნდა ტრანსპარატები წარწერით “ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდა”.
კომპანია “სომხეთის ელექტროქსელებში აუდიტის ჩატარების შესახებ 27 ივნისს გახდა ცნობილი.
27 ივნისსვე სარგსიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა ელექტროენერგიაზე ტარიფი გაეზარდა სომხური დრამის ინფლაციის დონისა და წარმოებული ენერგიის თვითღირებულების გაძვირების გამო.
17 ივნისს ცნობილი გახდა, რომ 1 აგვისტოდან სომხეთში ელექტროენერგია ძვირდება. ამ გადაწყვეტილებას არ ურიგდება ქვეყნის მოსახლეობა და კვირაზე მეტია მასობრივ საპროტესტო აქციებს მართავს. 23 ივნისს, გამთენიისას, სპეცრაზმმა პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილი მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
epress.am-ის ინფორმაციით, დარბევის შემდეგ სამართალდამცავებმა აქციის 237 მონაწილე დააკავეს, მათ შორის ჟურნალისტები.
![]() |
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |

