“გპირდებით, რომ ორშაბათს ჩვენ გავმართავთ ბრიფინგს, სადაც დასახელდება დრო და წესები, როგორ გაიყიდება ეს ბილეთები,”– განაცხადა სიჭინავამ.
გარდა ამისა, ზვიად სიჭინავამ განაცხადა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უეფამ დაავალა, რომ ქართველი და უცხოელი გულშემატკივრებისთვის მოამზადონ ვიდეორგოლი, სადაც განმარტებული იქნება, თუ რა მეთოდებით და როგორ გაიყიდება ბილეთები. სიჭინავას განცხადებით, ვიდეორგოლი სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდება.
ზვიად სიჭინავას თქმით, ბილეთების გაყიდვის პროცესში ისევ Biletebi.ge იქნება ჩართული.
Biletebi.ge-ს 22 ივნისს უეფას სუპერთასის მატჩის (ბარსელონა VS სევილია) ბილეთების რეალიზაცია უნდა განეხორციელებინა ონლაინ რეჟიმში, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. ვებგვერდზე თავდაპირველად გაჩნდა შეტყობინება, რომ საიტზე კიბერშეტევა ხორციელდებოდა, თუმცა მოგვიანებით დაზუსტდა, რომ მომხმარებელთა დიდ რაოდენობას ვერ გაუძლო საიტმა. დღემდე, სუპერთასის ბილეთების გაყიდვის დრო არ არის ცნობილი.