საქართველოში ჩამოსულ ბრიტანელ მოგზაურს, როუან კემპბელს, რომელიც სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში ველოსიპედით მოგზაურობს, თბილისში ველოსიპედი მოპარეს.
როუან კემპბელი ამბობს, რომ ველოსიპედი რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ჰოსტელთან მოპარეს. “ერთ წელზე მეტია ვმოგზაურობ და ველოსიპედით 11 ქვეყანა და 7500 კმ გავიარე… მოგზაურობის გაგრძელება მინდა“ – წერს მოგზაური.
„სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში ვბრუნდებოდი, თუმცა ორი დღის წინ ჰოსტელის გარეთ დატოვებული ველოსიპედი მომპარეს. 11 ქვეყანა და 7500 კმ ველოსიპედით გამოვიარე და მოგზაურობის გაგრძელება მინდა, თუმცა თუ ჩემს ველოსიპედს ვერ ვიპოვი, ჩემი მოგზაურობა დასრულდება,” – წერს ის Facebook-ზე შექმნილ ჯგუფში.
მოგზაური მოქალაქეებს სთხოვს, თუ რამეს გაიგებენ მის დაკარგულ ველოსიპედზე, დაუკავშირდნენ. იგი ამბობს, რომ პოლიციას მიმართა, თუმცა, მისივე თქმით, სამართალდამცავებს დიდი იმედი არ აქვთ, რომ მის ველოსიპედს იპოვიან.
როგორც ნეტგაზეთს კემპბელმა უთხრა, ველოსიპედთან ერთად დაკარგული ნივთების ნაწილი მან პარლამენტთან ახლოს, ნაგვის ურნაში გუშინ, 25 იანვარს, იპოვა და ამის შესახებ პოლიციას შეატყობინა. მისი თქმით, იმ ადგილას, სადაც ჩანთა, საძილე ტომარა და სხვა ნივთები იპოვა, სამი კამერაა დამონტაჟებული. “იმედი მაქვს, ეს პოლიციას ჩემი ველოსიპედის პოვნაში დაეხმარება” – ამბობს ის. კემპბელმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ სამი წელი გეგმავდა ამ მოგზაურობას.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.