ახალი ამბები

გიორგი დვალიშვილის თქმით, მის ოჯახს უთვალთვალებენ

26 იანვარი, 2020 •
გიორგი დვალიშვილის თქმით, მის ოჯახს უთვალთვალებენ

პოლიციელი გიორგი დვალიშვილი ამბობს, რომ მის ოჯახს უთვალთვალებენ. დღეს, 26 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) შენობის წინ ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერთან ხატია დეკანოიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, მან სუს-ის უფროს გრიგოლ ლილუაშვილს მოუწოდა მისი ოჯახის თვათვალი შეწყვიტოს:

“მინდა ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს მივმართო. დაანებეთ თავი  ჩემს ოჯახზე თვალთვალს. ჩემი თვალთვალი პრობლემა არ არის.. დასამალი არაფერი მაქვს. მზად ვარ, ახლაც შევიდე და ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო თუ რამე აინტერესებთ. პოლიციელი ვარ და ჩემგან მტრის ხატს ნუ ქმნიან. რაც შეეხება ჩემს ოჯახს, მყავს სამი არასრულწლოვანი ბავშვი, რომლებიც სისტემატიურად  ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან.. მათი თვალთვალი უკვე ძალიან ზედმეტია. [ბავშვები] ფსიქოლოგიურად უდიდესი წნეხის ქვეშ არიან. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მივმართავ შეწყდეს ეს უკანონობა,”-აცხადებს დვალიშვილი.

დვალიშვილის ოჯახზე ზეწოლასა და უკანონო თვალთვალზე ისაუბრა ხატია დეკანოიძემაც. მისი თქმით, თვალთვალის შესახებ ინფორმაციას უხლოეს პერიოდში დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებსაც მიაწვდიან.

“უკანონო თვალთვალი რომელიც გიორგი დვალიშვილზე ხორციელდება და ეს კეთდება ზუსტად ამ შენობაში მყოფი ადამიანების მიერ. ეს იმ სისტემის მახინჯი სახეა, რომელმაც დანაშაული დაფარა და მაღალჩინოსნის ოჯახის წევრი გაათავისუფლა,”-აცხადებს დეკანოიძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თვალთვალზე ბრალდებას უარყოფენ, მეტიც მას “პოლიტიკურად მოტივირებულს” უწოდებენ.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კატეგორიულად უარყოფს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სრულიად უსაფუძვლო და პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებს. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა დროს კონკრეტული პოლიტიკური ძალებისა და მათი აქტივისტების მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მისამართით გავრცელებული მსგავი ბრალდებები არ ეფუძნება ფაქტებსა და მტკიცებულებებს და მხოლოდ უწყების დისკრედიტაციას და პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება,”-აცხადებენ სუს-ში.

ტელეკომპანია “მთავარმა არხმა” 23 იანვარს გაავრცელა ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ აკავებს პატრული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას, რომელსაც მალევე, “ჩარევის” შედეგად ათავისუფლებენ. პოლიციელი, რომელმაც მაღალჩინოსნის ძმა დააკავა, კადრების განყოფილებაშია გადაყვანილი და ამ თემაზე პირველად ახლა ისაუბრა.

ვიდეოკადრები 2014 წელსაა გადაღებული, როდესაც იზორია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. კადრებში ჩანს, როგორ ემუქრება დაკავებული იზორია მანქანაში პოლიციელს, რომელმაც დააკავა. ამის შემდეგ საპატრულო მანქანასთან მიდიან ლევან იზორიას მძღოლი და სხვა პოლიციელები, რომლებიც იზორიას, მინისტრის მოადგილის ძმას ათავისუფლებენ.

პოლიციელი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც მაღალჩინოსნის ძმა წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, ამჟამად უმუშევარია – ის კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს, რასაც გიორგი დვალიშვილი სწორედ ამ ვიდეოკადრებს უკავშირებს.

“იზორიას ძმასთან ინციდენტი 10-ლარიან დარღვევაზე დაიწყო “- პოლიციელი გიორგი დვალიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი