
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები იძლევა შესაძლებლობას პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ ხელმეორედ გამოიყენონ აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა. მოსარჩელის შეფასებით, ასევე, სადავო ნორმების მიხედვით, ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება ხდება არასაკმარისი, არამყარი მტკიცებულებების სტანდარტების გამოყენებით, რაც ასევე ეწინააღმდეგება მისი კონსტიტუციით გარანტირებულ არაერთ უფლებას, მათ შორის თავისუფლების ძირითად უფლებას.
თბილისის ყოფილ მერს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული აღკვეთი ღონისძიების გამოყენების ფორმა პატიმრობაში მყოფი პირისთვის არაკონსტიტუციურია. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გადაწყვიტა, რომ ამ საკითხზე იმსჯელოს.
მოსარჩელე ასევე პრობლემად მიიჩნევს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში გათვალისწინებული პატიმრობისთვის დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს. ის თვლის, რომ ეს სტანდარტი არ არის საკმარისი კონსტიტუციით გათვალისწინებული თავისუფლების უფლების დასაცავად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ამ საკითხის კონსტიტუციურობაზეც იმსჯელებს.
მესამე ნორმა რაზეც მოსარჩელე ფიქრობს, რომ არაკოსტიტუციურია, ეს არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით პატიმრობის ღონისძიების გადასინჯვა. ახლანდელი კანონით, მტკიცებითი ტვირთი დაცვის მხარეს ეკისრება. ეს მისი აზრით უდანაშაულობის პრეზუმციასთან მოდის წინააღმდეგობაში. თბილისის ყოფილ მერს მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთი ბრალმდებელის, ანუ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს და არა ბრალდებულს. ეს მესამე საკითხია, რაზეც ასევე საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს.
გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს გამოაცხადა.