ახალი ამბები

“განცხადებით დასტურდება, რომ პენიტენციური პატიმრების წერილებს კითხულობს” – ომბუდსმენის მოადგილე

24 იანვარი, 2020 • 1294
“განცხადებით დასტურდება, რომ პენიტენციური პატიმრების წერილებს კითხულობს” – ომბუდსმენის მოადგილე

სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ვარაუდობს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმრების გარკვეულ წერილებს კითხულობს.

აღნიშნულის ფიქრის საფუძველს სახალხო დამცველის მოადგილეს პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება აძლევს, სადაც უწყება ისეთ დეტალებზე საუბრობს, როგორიცაა პატიმრის მიერ სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრის მოთხოვნა.

“მიუხედავად იმისა, რომ სრულად არასწორი, მცდარი და იურიდიულად გაუმართავი და არაპროფესიონალური განცხადებაა, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის და მისი აპარატის დისკრედიტაციის მცდელობით არის დაკავებული პენიტენციური სამსახური და იუსტიციის მინისტრი მთელი კვირაა,
ეს განცხადება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ პენიტენციური სამსახური კითხულობს პატიმრების გარკვეულ წერილებს. თუ არ კითხულობენ, საიდან იციან მათ ის, რომ სახალხო დამცველთან პირადად ან არაპირადად შეხვედრა მოითხოვა რომელიმე პატიმარმა? საიდან აქვს ეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ინფორმაცია მოვიდა სახალხო დამცველის აპარატამდე? ცხელი ხაზის ნომრებს უსმენენ? განცხადებებს კითხულობენ? ყოველ განცხადებაში ახალი უკანონობის ჩადენა ან რამე ახალი უკანონობის დადასტურება ახალი ტრენდია”, – წერს ომბუდსმენის მოადგილე.

დღეს, 24 იანვარს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ პატიმრების მხრიდან არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოქმედი სახალხო დამცველი 2019 წელს საერთოდ არ არის ნამყოფი რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში:

“სპეციალური პენიტენციური სამსახური მოწოდებულია იმისკენ, რომ საქართველოს სახალხო დამცველი რაც შეიძლება ხშირად ეწვიოს საპატიმროებს და შეხვდეს პატიმრებს, რომელთაც წლებია და თვეებია, სურთ მასთან შეხვედრა”, – წერია პენტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი