ახალი ამბები

IDFI: ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის 2014 წელს 4 003 პირი იყო მსჯავრდებული

26 ივნისი, 2015 •
IDFI: ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის 2014 წელს 4 003 პირი იყო მსჯავრდებული

ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა პირს იმ შემთხვევაში ეკისრება, თუკი ამ ხასიათის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას განმეორებით ჩაიდენს. კერძოდ, აღნიშნული დანაშაულისათვის გათვალისწინებულია 2 000 ლარის ოდენობის ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ან/და თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით.

 

IDFI-ის მონაცემებით, 2014 წელს მსჯავრდებული 4003 პირიდან 24,3%-ის შემთხვევაში სასამართლომ სასჯელის ზომად გამოიყენა თავისუფლების აღკვეთა, 52% – პირობითი მსჯავრი, ხოლო 20.1%-ის შემთხვევაში – ჯარიმა.

რაც შეეეხება ჯარიმებს, კანონმდებლობით, ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა, ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ჯარიმას 500 ლარის ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით.

 

IDFI-ს ცნობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაზე მეტი პირი აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 2013 წელს დააჯარიმეს – 13 572 პირი, 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 9 142 პირამდე შემცირდა. ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმა 500 ლარს შეადგენს. 

IDFI-ის მონაცემებით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვისა და გასაღებისთვის მსჯავრდებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს ფიქსირდება. 

 

IDFI ასევე აქვეყებს სტატისტიკას აფთიაქების მიერ ფსიქოტროპული წამლების ურეცეპტოდ გაყიდვის შემთხვევების შესახებ. 

 

“2014 წელს მნიშვნელოვნად გამკაცრდა სააფთიაქო ქსელების მონიტორინგი წინა წლებთან შედარებით და ფსიქოტროპული წამლების გაყიდვის წესების დარღვევისთვის აფთიაქებზე დაწესებული ჯარიმების საერთო რაოდენობამ შეადგინა 840 000 ლარი, მაშინ, როდესაც, მაგალითად, 2012 წელს ჯარიმების სახით აფთიაქებს დაეკისრათ სულ 192 000 ლარი,”- წერს IDFI.

რაც შეეხებ იმ დახმარების მოცულობას, რასაც სახელმწიფო ნარკოდამოკიდებულ პირებს უწევს, IDFI-ის ცნობით, გამოყოფილმა თანხამ 2014 წლის ბიუჯეტის გეგმით შეადგინა 4 388 500 ლარი, საიდანაც ფაქტიური 4 190 563 ლარი იყო. ეს თანხები ე.წ მეტადონის პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს.

 

IDFI-ის ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2014 წელს აღნიშნული თანხით განხორციელდა სამი ათასზე მეტი ბენეფიციარის ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტით მეტადონით უზრუნველყოფა, ხოლო სტაციონალური დეტოქსიკაციისა და რეაბილიტაციის კომპონენტით ისარგებლა 286-მა ბენეფიციარმა.


26 ივნისი ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ 1987 წელს გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მიერ გამოცხადდა. IDFI-ის განცხადებით, საქართველოში 2009-2014 წლებში ნარკოტიკული დანაშაულის სტატისტიკა ამ დღესთან დაკავშირებით წარმოადგინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი