ღარიბაშვილის თქმით, 2012 წლიდან დღემდე ხუან ეჩანოვე პირადად უწევს დახმარებას საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში არსებული საჭიროებების იდენტიფიცირებას, შესრულების მონიტორინგს და აქტიურად თანამშრომლობს როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებთან, ისე ფერმერებთან, კოოპერატივების წევრებთან და ატარებს მხარდამჭერ კამპანიას სოფლის მეურნეობის დარგის პოპულარიზაციისთვის.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ხუან ხოსე ეჩანოვე აქტიურად იყო ჩართული სოფლის მუერნეობის დარგის სტრატეგიის შემუშავებაში და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაში. მას ასევე დიდი წვლილი მიუძღვის დონორთა კოორდინაციისა და საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის ევროპული ქვეყნებიდან მხარდაჭერისა და დონორთა მოზიდვის საქმეში.
„ხუანს მართლაც დიდი წვლილი აქვს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში და ის პროგრესი და შედეგები, რაც დღეს არის ამ სექტორში, მისი დამსახურებაცაა. განსაკუთრებით გამოვყოფდი რეგიონალურ–საკონსულტაციო ექსტენციის ცენტრებს და კოოპერაციის განვითარებას,“– აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ოქროს საწმისის ორდენით ჯილდოვდებიან უცხოელი მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში, მისი ეროვნული უშიშროების ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის დამყარებაში, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაში, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, ქართული მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებაში.