“სომხეთი, ისევე, როგორც ეუთოს ყველა წევრი ვალდებულია დაიცვას და ხელი შეუწყოს მშვიდობიანი შეკრების ფუნდამეტური უფლებას”, – ავრცელებს მაიკლ ლინკის განცხადებას “newsarmenia”.
მაიკლ ლინკი აცხადებს, რომ პოლიციის ქმედება, მათ შორის წყლის ჭავლის მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენება და აქტივისტების დაკავება, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
“სამართალდამცავი ორგანოების მოვალეობაში შედის მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩატარების ხელშეწყობა და პოლიციის ნებისმიერი ქმედება უნდა იყოს კანონიერი და პროპორციული”, – ამბობს ლინკი.
ძალის არგამოყენებისკენ მოუწოდებს მხარეებს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატიც, რომელმაც დადებითად შეაფასა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება “დემოკრატიის ფუნდამენტური თავისუფლების და ადამიანის უფლებების დაცვის” საკითხებში აღებული ვალდებულების შესახებ და მოუწოდა მხარეებს, არ მიმართონ ძალადობას.
ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რავინა შამდასანმა განაცხადა, რომ კომისარიატი შეშფოთებულია ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, 23 ივნისის საპროტესტო აქციის დროს პოლიციელების მიერ მოხდა ძალის გადამეტებით გამოყენება, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ. გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი კომისარიატი მოუწოდებს ხელისუფლებას, სწრაფად და გულდასმით გამოიძიოს ეს ინციდენტები”.
“ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ დემონსტრაციის დროს წესრიგის დაცვა შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებების საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს”, – განაცხადა შამდასანმა.
1 აგვისტოდან სომხეთში ელექტროენერგია ძვირდება. ამ გადაწყვეტილებას არ ურიგდება ქვეყნის მოსახლეობა და რამდენიმე დღეა მასობრივ საპროტესტო აქციებს მართავს. 23 ივნისს, გამთენიისას, სპეცრაზმმა პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილი მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
epress.am-ის ინფორმაციით, დარბევის შემდეგ სამართალდამცავებმა აქციის 237 მონაწილე დააკავეს, მათ შორის ჟურნალისტები.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |