ახალი ამბები

პრეზიდენტის მრჩეველი საპარლამენტო კომიტეტებს ასოცირების შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

25 ივნისი, 2015 •
პრეზიდენტის მრჩეველი საპარლამენტო კომიტეტებს ასოცირების შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

“დღეს საქართველოს პარლამენტის ოთხი კომიტეტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ იქნა კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფას შეეხება. კანონპროექტის შემუშავებაში არ ყოფილან ჩართულნი ექსპერტები ევროკავშირიდან, მათ შორის ევროპის ცენტრალური ბანკიდან, ისევე როგორც წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კანონპროექტზე საკუთარი ნეგატიური პოზიცია დააფიქსირეს მსხვილმა ბიზნესასოციაციებმა, წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დარგის ექსპერტებმა. სამწუხაროა, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებიდან თითქმის ერთი წლის თავზე დაირღვა ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმების სტრუქტურაზე დაყრდნობით, წარმოადგენს 2014-2016 წლებში საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივი მუშაობისათვის განსაზღვრული პრიორიტეტების სიას. გამომდინარე აღნიშნულიდან, დაირღვა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 იანვრის #59 განკარგულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ. ვინაიდან ასოცირების დღის წესრიგში და შემდგომ უკვე მთავრობის განკარგულებაში ნათლად წერია, რომ საქართველოს ცენტრალური ბანკის კანონმდებლობის გადასინჯვა უნდა განხორციელდეს ევროკავშირის ექსპერტიზით, მათ შორის ევროპის ცენტრალური ბანკის გამოცდილებაზე დაყრდნობით”, – ნათქვამია აბაშიშვილის განცხადებაში.


ასოცირების დღის წესრიგში, რომელსაც აბაშიშვილი ახსენებს, ეროვნული ბანკის საკითხზე მართლაც არის საუბარი ამგვარი ფორმულირებით:


“გააძლიერონ საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, მათ შორის, ევროკავშირის მოწინავე პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური ბანკის კანონმდებლობის გადასინჯვისა და ევროკავშირის ექსპერტიზის, მათ შორის ევროპის ცენტრალური ბანკის მხარდაჭერის გზით”.



მასალების გადაბეჭდვის წესი